03.მარტი .2020 11:30

გიგლა მიქაუტაძე: მთავრობამ პროფესიული განათლების რეფორმა ჩააგდო

views 260
უკან

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის გიგლა მიქაუტაძის ინფორმაციით, 2019 წელს, პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მიღება 2.5 %-ით შემცირდა.

მისი შეფასებით, ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ", სხვა სფეროების მსგავსად, წარმატებას ვერც პროფესიული განათლების რეფორმის კუთხით მიაღწია.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აღნიშნულ სფეროში დახმარებას არაერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს, ეს სისტემა ვერ გაიმართა, ხარისხი სათანადოდ ვერ გაიზარდა და პროფესიული განათლება ვერ გახდა პოპულარული ახალგაზრდებში. პარალელურად, 0.7%-ით გაიზრდა სტუდენტების რაოდენობა უმაღლეს სასწავლებლებში.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" ქვეყნის განვითარების მოდელი პროფესიული განათლების თანამედროვე სისტემის შექმნას ითვალისწინებს, წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და კერძო სექტორის მონაწილეობით. ჩვენს თანამოქალაქეებს დროის მოკლე მონაკვეთში უნდა შეეძლოთ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებასაც", - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.