მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრძელდება თუ არა რუსული Nord Stream 2-ის პროექტი?

5f5f4193091af
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.20 16:08
1569
ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ალესეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, თითქმის დამთავრებული Nord Stream 2-ის გაზსადენის ბედი, რომლითაც რუსეთი ევროკავშირის ქვეყნების გაზით მომარაგებაზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, გაურკვეველი ხდება. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის მიხედვით, გერმანიის მთავრობა კრემლს ალექსეი ნავალანის მოწამვლის ფაქტზე ობიექტური გამოძიების დაწყებას სთხოვს. პოლიტიკოსის მოწამვლის საქმემ შესაძლოა რუსეთის გეგმას, რაც ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდას გულისხმობს, ხელი შეუშალოს. აღსანიშნავია, რომ ნავალნი მკურნალობის კურსს ბერლინის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადის.

CNN ევროკომისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გასული წლის მონაცემებით, რუსეთი იყო ევროკავშირისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი, რომელზეც იმპორტის 38% მოდიოდა. 

ევროკავშირი ყოველთვის ცდილობდა შეემცირებინა რუსეთზე დამოკიდებულება ამ კუთხით და 2014 წელს მიიღეს გადაწყვეტილება უარი ეთქვათ რუსულ გაზზე, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მაგრამ რუსული გაზის იმპორტი  2016 წლიდან ისევ იზრდება. გერმანია ქვეყნისთვის საჭირო გაზის ნახევარზე მეტის იმპორტს სწორედ რუსეთიდან ეწევა.

ოქსფორდის ენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის ბუნებრივი გაზის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ჰენდერსონის განცხადებით, მართალია, ევროპას გააჩნია გაზის მომარაგების სხვა წყარო, მათ შორის აშშ-იც, მაგრამ რუსეთი  შეთავაზებული დაბალი ფასებით მაინც უკონკურენტოა.

„ევროპას აქვს შესაძლებლობა, შეწყვიტოს რუსეთიდან გაზის იმპორტი, როგორც ამას პოლონეთი და ლიტვა ცდილობს, მაგრამ ფასები გაიზრდება. Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომელიც ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შევა, გაზის ღირებულების 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს“, - აცხადებს ჰენდერსონი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ აშშ თავის მხრივ შეშფოთებულია, რადგან მილსადენი ხელს შეუწყობს რუსეთის დომინირებას ევროპული გაზის ბაზარზე, რაც რეგიონში მის გავლენას ზედმეტად გაზრდის და ასევე,  აშშ-დან გაზის ექსპორტს შეამცირებს.

აქედან გამომდინარე, 21 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სპეციალური სანქციები, რომელიც ორი რუსული გაზსადენის -  Nord Stream 2-ის და Turkstream-ის პროექტებს ეხება.

აღსანიშნავია, რომ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტი ითვალისწინებს ორი ხაზის მშენებლობას, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის გამტარობა, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.