23.ნოემბერი .2020 09:00

GINO Holding-ის €24 მილიონიანი 2 აპარტ-სასტუმრო თბილისში - ინვესტორის გეგმები

GINO Holding-ის €24 მილიონიანი 2 აპარტ-სასტუმრო თბილისში - ინვესტორის გეგმები
views 971
უკან

GINO Holding-ი და მისი მფლობელი ნოდარ გიორგაძე, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში, სლოვაკური ინვესტიციით, ტურიზმის სექტორში 2 სასტუმროს და აკვა პარკს მართავს, ინვესტირებას არც პანდემიის პერიოდში წყვეტს.

BM.GE-ისთან საუბრისას ბიზნესმენი ამბობს, რომ პანდემიის ფონზე საქართველოში მეტად გაუჭირდა, ვიდრე - სლოვაკეთში, რადგან აქ ამოქმედებული რეგულაციები, მშენებლობის გარდა, მის ყველა ბიზნესს შეეხო. ნოდარ გიორგაძე აღნიშნავს, რომ მას პანდემიის მიუხედავად, ინვესტირება არ შეუწყვეტია და 2019 წელს დაწყებული 12 მლნ ევროს ღირებულების აპარტ-სასტუმროს მშენებლობა დღესაც გრძელდება.

„თბილისის ზღვაზე ვაშენებთ 220 ნომრიან აპარტ-სასტუმროს. მშენებლობის პარალელურად აპარტამენტები იყიდება და საკმაოდ კარგადაც. დღეისთვის, დაახლოებით, 50-მდე აპარტამენტი უკვე გაყიდულია. ძირითადი მყიდველები სლოვაკები და ჩეხები არიან ანუ ისინი, ვინც იცის ჩემი ბიზნესი და მომყვება წლების განმავლობაში. ისინი ყიდულობენ ფართებს, შემდეგ გვაძლევენ პირად სარგებლობაში და ჩვენ ამ თანხის ნაწილს ვაწვდით მათ, თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ აპარტამენტების მფლობელები პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ყოველთვის ჩამოვლენ, ისინი ჩვენი გულშემატკივრები ხდებიან, რადგან მათ აქ ქონება ექნებათ. ამიტომ ეცდებიან საქართველოზე თავის ქვეყანაში ყოველთვის კარგი ისაუბრონ. ეს ძალიან მახარებს“, - აღნიშნავს ინვესტორი.

თბილისის ზღვაზე სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის გახსნა 2021 წლის მაისში იგეგმება. როგორც ინევსტორი ამბობს, კომპლექსს ექნება 300-კაციანი საკონფერენციო სივრცე, რესტორანი, აუზი, რომელიც თბილისის ზღვას გადაჰყურებს, პარკინგები და კეთილმოწყობილი ეზო. 4+ ვარკსვლავის სასტუმრო მიბმული იქნება აკვა პარკზე და დამატებით 80-120 ადამიანს დაასაქმებს.

მეორე სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც GINO-ს ბრენდის ქვეშ ამოქმედდება, GINO Grand Melikishvili-ა. 12 მლნ ევროიანი პროექტის სისრულეში მოყვანა 2020-2022 წლებში იგეგმება.

„მელიქიშვილის და ვარაზის ხევის კუთხეში შენდება სასტუმრო - მულტიფუნქციური შენობა, სადაც იქნება აპარტ-სასტუმრო, ფიტნესი, ველნესი, სპა და აუზი. პროექტი დამტკიცებული იყო, თუმცა მისი კორექტირების შემდეგ დღეს უკვე სამშენებლო ნებართვას ველოდებით და მშენებლობასაც დავიწყებთ“, - ამბობს ნოდარ გიორგაძე.

სასტუმროში, დაახლოებით, 70-75 ნომერი იქნება, სადაც კერძო მაცხოვრებლებიც განთავსდებიან. პროექტის დასრულების შემდეგ კომპლექსში 70-დან 100-მდე ადამიანი დასაქმდება.