მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gino Park Palace-მა სლოვაკეთში ევროპის ისტორიულ სასახლეთა შორის ოქროს ჯილდო მოიპოვა

624d79ce60d60
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.22 16:00
1248
სლოვაკეთში, Gino Holding-ის მმართველობაში შემავალმა ისტორიულმა სასახლემ „ჯინო პარკ პალასმა“ 2022 წელს ევროპის ისტორიულ სასტუმროთა შორის "საქორწილო სასახლეების ნომინაციაში" პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ BM.GE-ის Gino Holding-ის დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა.

ბიზნესმენის ინფორმაციით, საუკეთესო სასტუმროების კონკურსს გაერთიანება The Historic Hotels of Europe ატარებს და სასტუმროების შერჩევა და შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ხდება: 1. სასახლის ისტორია და მისი წლოვანება; 2. რამდენად მაღალი ფენის წარმომადგენლები სტუმრობდნენ სასახლეს, რაც მის ისტორიულ მნიშვნელობას წარმოაჩენს; 3. რამდენად დაცულია ისტორიული და კულტურული იერსახე სასახლის აღდგენისას, რაშიც ინვესტორის უშუალო როლი იკვეთება; 4. რამდენად შენარჩუნებულია სასახლის ოთახების ფართობები სიმაღლე და ხომ არ გამოიყენა ინვესტორმა ეს ცვლილებები თავისი ბიზნეს მიზნებისთვის (შეამცირა ოთახები, ან ჭერის სიმაღლე); 5. რა შეფასებები აქვს სასახლის სერვისებს; 6. როგორია სასახლის სტუმრების შეფასებები.



ბიზნესმენის თქმით, სასტუმროს რესტავრაცია რეაბილიტაციის პროექტში Gino Holding-მა 2013-2016 წლებში 12.5 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა, ისტორიული ტყე-პარკის რეაბილიტაციაზე კი 1.5 მლნ ევრო დაიხარჯა.

„ვულოცავ ყველა ჯინოელს და გულშემატკივარს. ეს წარმოუდგენლად მაღალი შეფასებაა. აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ სასახლეს ასეთი შეფასება არ მიუღია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა პირველ რიგში სლოვაკეთისთვის, რადგან მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ სლოვაკეთში არსებობს სასახლე, რომელსაც ოქროს ჯილდო აქვს მიღებული. ეს პატარა ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, ბოლო წლებში ტრენდული გახდა ისტორიულ სასახლეებში ქორწილების ჩატარება. ჩინეთიდან, მალაიზიიდან, ავსტრალიიდან წყვილები ჩამოდიან ევროპაში და აქ მართავენ ქორწილებს. ვფიქრობთ, ამ აღიარების შემდეგ, ინტერესი ჩვენი სასახლის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის შემდეგ „ჯინო პარკ პალასში“ ქორწილების ჯავშნები წლის ბოლომდე გაწერილია. ჯავშნები მომავალი წლის შაბათ-კვირებზეც კეთდება“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.



ბიზნესმენი ამბობს, რომ დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის რომელიმე ისტორიულ ქალაქში გაიმართება.

აღსანიშნია, რომ Gino Holding-ში შემავალ სასტუმროებს 2 ჯილდო აქვს მიღებული. აქედან ჰოლდინგის საკუთრებაში არსებული საქართველოში მოქმედი სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ მსოფლიოში საუკეთესო 50 ბუტიკ სასტუმროში შევიდა; 2020 წელს კი ისტორიულ სასტუმროთა 20-ეულში სლოვაკეთში მოქმედმა „ჯინო პარკ პალასმა“ მეთორმეტე ადგილი დაიკავა.



ცნობისთვის: Gino Holding-ი საინვესტიციო მრავალპროფილური კომპანიაა, რომელიც დასვენების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ პროექტებთანაა დაკავშირებული. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროების, აკვაპარკების, რესტორნების, საცხოვრებელი კომპლექსის განახლებადი ენერგო ობიექტებისა და სოფლის მეურნეობის ობიექტების მშენებლობისა და მართვის სფეროში. "ჯინო ჰოლდინგი" 2003 წელს სლოვაკეთში წარმოშობით ქართველმა, სლოვაკეთის მოქალაქე ნოდარ გიორგაძემ დააფუძნა. 2012-2022 წლებში Gino Holding სლოვაკეთსა და საქართველოში ინვესტირებული აქვს 180 მლნ ევროზე მეტი, მათ შორის საქართველოში 87 მლნ ევრო.