მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი აბრამიშვილი: “რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოტანილი, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია არ აზიანებს გარემოს?”

60895791af3c6
BM.GE
28.04.21 17:01
893
ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერგია სჭირდება ქვეყანას, რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება და რომ შეიძლება სულაც არ არის აუცილებელი დამატებით ამდენი ჰიდროპროექტის მშენებლობა და არსებული გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციის შემდეგ, ასევე მზისა და ქარის რესურსების დახმარებით, თავისუფლად შეძლებს ქვეყანა ხსენებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ „ენერგონიუსი“ „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავჯდომარეს გიორგი აბრამიშვილს დაუკავშირდა:

- ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერია სჭირდება ქვეყანას?

მინდა მოგახსენოთ, რომ სამოქმედო გეგმა არსებობს. სტრატეგია 2007 წელს არის დაწერილი. 15-წლიანი ვადა ჰქონდა მას და ამ წლის ბოლოს იქნება უკვე ახალი ერთიანი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული არის, მათ შორის, ჩვენი ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან შეერთების ვალდებულების შემადგენილი ნაწილი. ანუ ჩვენ გვიდევს ვალდებულებად, რომ 2021 წლისთვის უნდა გვქონდეს ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. აღნიშნული იქნება სამივე მიმართულებით: 1) განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმა; 2) მთლიანად ენერგეტიკული სამოქმედო გემა და 3) ენერგოეფექტურობის განვითარების სამოქმედო გეგმა.

შესაბამისად, იმით სპეკულირება, რომ იქნებ და არ გვჭირდება ამდენი ჰესი, მიუღებელია, რადგან გვაქვს სტატისტიკური მონცემები, სადაც ნაჩვენებია, რომ 8 მლიარდ კვტ.სთ.-ს გამოიმუშავებენ ჩვენი ჰესები, მაშინ, როცა მოხმარება წელიწადში არის 13 მილიარდი. თავად განსაზღვრეთ, რამხელა სხვაობაა. გარდა ამისა, ყველა ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, იქნება ეს USAID, „გალტ & თაგარტი“ თუ „საქართველოს ელექტროსისტემა“, მოხმარება იზრდება, კიდევ გაიზრდება და სავარაუდოდ, იქნება წელიწადში 21-დან 25 მილიარდ კვტ.სთ.-მდე. წარმოიდგინეთ, ჩვენი გამომუშავება რომ ისევ 8-9 მილიარდი იყოს, რა ცუდ დღეში ჩავვარდებით! აღნიშნულს სამოქმედო გეგმაც დიდად მგონი არ სჭირდება.

- ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ არსებული ჰესების რეაბილიტაცია სავსებით საკმარისი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული საჭიროების დასაკმაყოფილებლად?

რაც შეეხება არსებული საფგურების რეაბილიტაციას და მისგან დამატებით ენერგიის მიღებას, ყველა არსებული ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის შედეგად, შესაძლებელია დამატებით, მხოლოდ 5%-ის ოპტიმიზაცია. საგულისხმოა ისიც, რომ ის 5% ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე ახალი ჰესების აშენება. 

- არსებობს ასევე მოსაზრება, რომ მზისა და ქარის რესურსები თავისუფლად გაუმკლავდებიან აღნიშნული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას?

ქარი და მზე გახლავთ სწრაფი, ეგრეთწოდებული ცვალებადი ენერგიის წყარო. ანუ, რას ნიშნავს ხსენებული? ის იცვლის ყოველ წუთს თავის სიჩქარეს, მიმართულებას, შესაბამისად ენერგია ხან იკლებს, ხან მატულობს. მზეს რაც შეეხება, ის ასე ყოველ წუთს შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ აქაც ხან ღრუბელი ეფარება, ღამდება, წვიმიანი ამინდია და ა.შ. ანუ, გჭირდება რაღაც, რაც ამ ცვალებადობას დააბალანსებს. რადგან მოხმარება ამ დროს არ იცვლება, იგივეა, შეიძლება მოიმატოს კიდევაც. შესაბამისად, მყისიერად უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება, რადგან, ბუნებრივია შეუძლებელია მაგალითად გამოვრთოთ ერთი უბანი, მერე ჩავრთოთ მეორე უბანი. რეაგირება უნდა იყოს მყისიერი. აღნიშნული შეუძლიათ მხოლოდ თბოსადგურებს, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაგირების თბოსადგურები ჩვენ არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ეს ისევ ნიშნავს იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულებას. შესაბამისად, რჩება მხოლოდ რეზერვუარიანი სადგურები სადაც წყლის სახით გაქვს დაგროვილი ენერგია, რომელიც საჭიროებისას მაშინვე შიძლება გამოიყენო. ანუ, ეს არის ყველაზე სწრაფი რეაგირების საშუალება.

ოღონდ, აუცილებელია ჰიდროელექტროსადგული იყოს რეზერვუარიანი, რადგან მოდინებაზე მომუშავე ბუნებრივია ბუნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნულზე კვლევა აქვს გაკეთებული გერმანულ კომპანიას „საილენთ დიგ“. ანუ, მათ გამოიკვლიეს, თუ ჩვენს ქვეყანაში რამდენის ინტეგრაცია შეუძლია მზის და ქარის ენერგიებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ის დაგეგმილი პროექტი, მათ შორის, „ნამახვანი“, „ხუდონი“ და „ნენსკრა“ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება 520 მეგავატიანი მზის და 1330 მეგავატიანი ქარის სადგურები აშენდეს, რაც ჯამში დაახლოებით 1800 მეგავატია. ამ დროს, ჰიდრორესურსების მხრივ ჩვენი პოტენციალი არის 15000 მეგავატი, ანუ 10-ჯერ მეტი. გარდა ამისა, შეუძლებელი იქნება პირველი გავაკეთოთ მეორეს გარეშე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უფრო ძვირია, არასტაბილურია. ასევე, იმისთვის, რომ იგივე 430 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური ააშენო, საჭიროა დაახლოებით 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნო საქმიანობებისთვის გამოსადეგი მიწა, რადგან აუცილებლად სწორი პლატო სჭირდება და არა მდინარის კალაპოტი. ამ დროს, ამხელა ამბავია ატეხილი 600 ჰექტარ მიწაზე.

- ზოგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთ დარგებს, როგორიცაა ბიოენერგია და განსაკუთრებით გეოთერმული ენერგია, საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. თუ იგეგმება რაიმე პროექტის განხორციელება ან თუნდაც კვლევითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნული მიმართულებით?

საჭიროა, ყველაფერი გადავიყვანოთ ციფრებში და ისე განვსაჯოთ, რადგან აუცილებელია ვიყოთ რეალისტები. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური პროექტები, მაგალითად, ერთი კონკრეტული ფერმისთვის (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში) განკუთვნილი ბიოენერგო პროექტების განხორციელება ძალიან კარგია, მაგრამ აღნიშნულს რომ მივცეთ ინდუსტრიული დანიშნულება, მაშინ ბიომასა საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება თერმულს, მაგალითად ნორვეგიის შემთხვევაშიც კი, რომელსაც უფრო მეტი აქვს გეოთერმული რესურსები, ვიდრე ჩვენ, მხოლოდ 0.1 პროცენტს შეადგენს მთლიანი გენერაციის. ანუ, რა თქმა უნდა ეს მიმართულებებიც აუცილებლად უნდა განვითარდეს, მაგრამ თუ რეალისტები ვიქნებით, ისინი ვერ გახდებიან ჩვენი იმ საშინელი კრიზისიდან გამოსავალი, რომელშიც ეხლა ვიმყოფებით. მგონი უბრალოდ მიზეზებს ვეძებთ, რომ რაც ეფექტურია ის არ გავაკეთოთ და დავრჩეთ ისევ ჩვენს ოკუპანტ მეზობელზე დამოკიდებული.

- ეკონომისტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ექსპორტისთვის და არა ადგილობრივი მოხმარებისთვის აშენედება საქართველოში ჰესები, მაინც პოზიტიური მოვლენაა, რადგან ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყნის ბიუჯეტს. თუმცა, ბუნების დამცველების აზრით, გარემოს განადგურებისგან მიღებული ზარალი აღნიშნულს გააბათილებს. თქვენ რადენად იზიარებთ ხსენებული ეკონომისტების მოსაზრებას?

თუ ამას გარემოს განადგურებას დავარქმევთ, მაშინ ბუნებრივია, არ ვიზიარებ. ზოგადად, გარემოზე ზეგავლენას ახდენს ყველაფერი, გზაც რომ გავიყვანოთ, სახლიც რომ ავაშენოთ. ჰიდრო, მზისა და ქარის ელექტროსადგურები აყენებენ ზიანს გარემოს, მაგრამ ძალიან მინიმალურს, ამიტომ, რა თქმა უნდა, გვიღირს. რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოტანილი თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია არ აზიანებს გარემოს? ბუნებრივი საზღვრები აქ ხომ არ მოქმედებს და სადმე თუ ხდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, ის ჯაჭვური პრინციპით ვრცელდება ყველგან, მით უმეტეს, საუბარი გვაქვს ჩვენს რეგიონზე. ამიტომ, განახლებადი ენერგიის წყაროები, რომელებიც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებენ ბუნებას, ყველაზე ოპტიმალური არჩევანია. გარდა ამისა, აბა დავფიქრდეთ, გვინდა ვთქვათ უარი ჩვენს ეკონომიკაში შემოსულ თითქმის მილიარდ დოლარზე და სანაცვლოდ, მზად ვართ ჩვენი სიმწრით მოგროვილი ბიუჯეტიდან ვუხადოთ რუსეთს ასობით მილიონი დოლარი ელექტროენერგიაში.

გარდა ამისა, როდესაც გაიზრდება მოხმარება და გახდება ის 25 მილიარდი კვტ.სთ, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენე, ფული ხომ ფულად აღარ გვეყოფა, რომ შევიძინოთ ასეთი ოდენობა, რადგან რა ბერკეტი გვაქვს იმის გასაკონტროლებლად, რომ ელექტროენერგიის ფასს არ გაზრდის რუსეთი? გარდა ამისა, გადამცემი ხაზებიც არ გვეყოფა ასეთი მასშტაბის იმპორტის განსახორციელებლად.

და ბოლოს, თავისუფლება ღირს ყველაფერი. იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, უნდა ზოგჯერ გადავიხადოთ დიდი ფასიც კი. თუმცა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გონივრულად უნდა გავაკეთოთ და სწორედ მაგაზე უნდა ვხარჯოთ დრო და ენერგია და არა იმაზე, საერთოდ გავაკეთოთ თუ არა. „ნამახვანჰესზე“ მეტად შესწავლილი პროექტი საქართველოს არ გააჩნია. უამრავჯერ არის კვლევები ჩატარებული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს პოლონური კომპანიის მიერ, ამ ხელისუფლების დროს …. მოკლედ, 900-ზე მეტი გელოგიური ჭაბურღილია გაკეთებული. ანუ, იმაზე ვიკამათოთ, თუ რა შეიძლება კიდევ უფრო უკეთესად გაკეთდეს, შესაბამის მიტიგაციურ ზომების მიღებასა და სტანდარტების ამაღლებაზე და არა იმაზე, რომ არ ავაშენოთ და დავრჩეთ ისევ რუსეთზე დამოკიდებულები.