მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილმა GCF PARTNERS-ის წილი ბიძინა ივანიშვილის დისშვილს მიჰყიდა

638e5879c2285
ნინო ტაბატაძე
06.12.22 09:55
2170
გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული "თანაინვესტირების ფონდის" მმართველი კომპანიის მფლობელი აღარ არის.

2 დეკემბერს დადებული გარიგებით, "ჯი სი ეფ პარტნიორების" 100% წილი გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დისშვილს, კახა კობიაშვილს გადაუფორმა, რომელიც 5 დეკემბრიდან "ჯი სი ეფ პარტნიორების“ ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ნასყიდობის დეტალები საჯარო არ არის.

კომპანია "ჯი სი ეფ პარტნიორები“ 2013 წლის მაისში დაფუძნდა. მაშინ კომპანიის 42-42% უჩა მამაცაშვილს და გიორგი ბაჩიაშვილის სახელზე იყო გაფორმებული, 16% კი, ლევან ვასაძეზე, რომელიც 1 წლის შემდეგ კომპანიიდან გავიდა და მფლობელების სტრუქტურაში მხოლოდ ბაჩიაშვილი და მამაცაშვილი დარჩნენ.

2018 წლის თებერვლიდან საკუთარი 50% გიორგი ბაჩიაშვილს გადაუფორმა უჩა მამაცაშვილმაც და ამ პერიოდიდან ოფიციალურ დოკუმენტაციაში სწორედ ბაჩიაშვილი იყო კომპანიის მფლობელი.

რაც შეეხება კახა კობიაშვილს, ის ივანიშვილთან დაკავშირებულ ბევრ კომპანიაში გვხვდება. ის ივანიშვილის დისშვილია და მოხვდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) კვლევებშიც. 

"ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია", - წერს ორგანიზაცია ერთ-ერთ ბოლო კვლევაში. 

"ჯი სი ეფ პარტნიორების“ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2021 წელს კომპანიას 6.745 მლნ ლარის ამონაგები ჰქონდა. წმინდა მოგება 0.64 მლნ ლარი იყო, მაშინ როდესაც 2020 წელს წმინდა მოგება 2.7 მლნ ლარს აღემატებოდა. გასულ წელს კომპანიის ჯამური აქტივები 14.4 მლნ ლარად იყო შეფასებული.

ეს კომპანია ჩართულია ინვესტიციების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და სხვა საკონსულტაციო მომსახურებების განხორციელებაში.

დოკუმენტის მიხედვით, “ჯი სი ეფ პარტნიორების” ვალდებულებები "თანაინვესტირების ფონდის" წინაშე ასეთია:

2014 წელს, კომპანია საინვესტიციო აგენტის და ინვესტიციების მართვის შეთანხმებაში შევიდა GCF Luxembourg SARL-თან (Luxco) და GCF GP-თან.

Luxco-მ კომპანია დანიშნა აგენტის, აქტივების მართვის და დამხმარე მომსახურების გასაწევად, რაც მოიცავს Luxco-თვის რეკომენდაციების გაწევას ინვესტიციების შეძენა, განკარგვა და რეალიზაციასთან მიმართებაში. გარდა ამისა, კომპანიამ, Luxco-ს მოთხოვნისამებრ, უნდა განახორციელოს აქტივების მართვის მომსახურება ან საინვესტიციო კონსულტაციები Luxco-ს, საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანიების თუ Luxco-თან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა მექანიზმით ერთ ან მეტ განხორციელებულ ინვესტიციასთან მიმართებაში და მათ სასარგებლოდ.

GCF GP-მ კომპანია დანიშნა პარტნიორობასთან დაკავშირებული საინვესტიციო რჩევების და დამხმარე მომსახურების გასაწევად. გარდა ამისა, კომპანიამ, გენერალური პარტნიორის მოთხოვნისამებრ, უნდა განახორციელოს საინვესტიციო კონსულტაციები ან სხვა მომსახურებები პარტნიორობის, საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანიების თუ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა მექანიზმით ერთ ან მეტ განხორციელებულ ინვესტიციასთან მიმართებაში და მათ სასარგებლოდ.

2017 წელს კომპანიამ დადო ზოგადი მმართველობითი მომსახურების ხელშეკრულება „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ (GTDF), ხოლო 2018 წელს, კომპანიამ წილების მართვის ხელშეკრულება დადო Luxco-ს რამდენიმე ჰოლდინგურ კომპანიასთან.

თავად თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: ის კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და რამდენიმე შვილობილის გავლით ფუნქციონირებს, მათგან ერთი ლუქსემბურგშია დაფუძნებული.

ფონდის პროექტებს შორისაა “გალერია თბილისი”, “მტკვარის ჰიდროელექტროსადგურის”, “ონის ჰესების კასკადისა” და “ცხენისწყლის ჰესის” პროექტი ეკუთვნის. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფონდი ფლობს “საქართველოს სათბურის კორპორაციას”, “პლანტას” და “გეოაგროს”, მრეწველობის მიმართულებით კი არის “ჰაიდელბერგცემენტის” თანაინვესტორია.

უძრავი ქონების მიმართულებით ფონდის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი “აქსის თაუერსია”.