მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანი მზის ენერგიის პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პრობლემებს ასახელებს

61b75657bdcd1
ინგა მურუსიძე
13.12.21 21:38
847
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან უნდა ჩატარდეს მეტი სამუშაო, რომ ისინი ხედავდნენ თუ რა ღირებულება მოაქვს ამა თუ იმ პროექტს, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ - მოსმენაზე განაცხადა.

გიორგი ჩიქოვანი განახლებადი მზის ენერგიის წყაროების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემას ასახელებს:

„ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა კვოტების საკითხი - როცა ვეუბნებით ინვესტორს, რომ 2025 წლამდე შევსებულია მზისა და ქარის კვოტები, იქ ნებისმიერ გეგმაში ერთი თეთრის ჩადებაც უკვე წარმოუდგენელია და თუ ნათელი სურათი არ გვაქვს, ზედმეტია რაიმე სახის ინვესტიციაზე საუბარი.

მეორე პრობლემა არის ტარიფები - გადავედით ახალ მექანიზმზე და მიმდინარეობს მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის გეგმა, რაც ქვეყანას გვაქვს აღებული, სწრაფად განვახორციელოთ, ვგულისხმობ ბაზრის რეფორმას. თუკი დონორებს ექნებათ 2-3 წლის ისტორია ჩვენ ბაზარზე არსებული ფასების, მათთვის ბევრად უფრო იოლი იქნება ამ ახალ მოდელებზე საუბარი და ფინანსური გათვლებიც ბევრად ადვილი იქნება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ნეტო აღრიცხვის პროგრამაა, ამაზეც ნათელი გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, უკვე მარტივი იქნება ინვესტორებისთვის გადაწყვიტოს, რა მიმართულებით მიდის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თუმცა ის მთავარ გამოწვევად მაინც მოსახლეობასთან კომუნიკაციას ასახელებს და როგორც ჩიქოვანი ამბობს, ეს ეხება არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებს, არამედ მზის და ქარის სადგურებსაც.

„ინვესტორები სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით, არა მხოლოდ ჰიდროზე, არამედ მზის და ქარის სადგურებზეც. ალბათ მუნიციპალიტეტებთან უნდა ჩატარდეს მეტი სამუშაო, რომ ისინი უფრო მეტად ხედავდნენ თუ რა ღირებულება მოაქვს ამა თუ იმ პროექტს. სერიოზული პრობლემებია ქარის და მზის სადგურებზე. როცა ინვესტორს მარტოს უხდება ამ პრობლემებთან შეჯახება, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იყოს ახლოს და გვერდში დაუდგეს მას და არა პირიქით, მოთხოვნებით და პრობლემებით დახუნძლოს რისკებით სავსე პროექტები“, - თქვა ჩიქოვანმა.