მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩოგოვაძე: ალბათ უახლოესი 6 თვის განმავლობაში რუსეთთან ფრენები აღდგება

5d9b65b7c5a45
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 21:28
1744
„როგორც ჩანს, ალბათ უახლოესი 6 თვის განმავლობაში მოხდება რუსეთთან რეისების აღდგენა“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის კვლევის პრეზენტაციაზე პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

ჩოგოვაძის თქმით, რუსეთის მიერ დაწესებულმა ავისანქციებმა, რა თქმა უნდა, დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას, თუმცა ევროპის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებების დამატება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

„ჩვენ გვაქვს ხედვა და კონცეფცია, რომ ქუთაისის აეროპორტი გახდეს დაბალბიუჯეტიანი ჰაბი ევროპის მიმართულებით.  ე.წ. ლოუქოსთ მიმართულებებით საკმაოდ წინ ვართ და კიდევ უფრო წინ გვწევს რეგიონში ახალი მიმართულების დამატება. შეფუთული, ლამაზად გაყიდული იქნება კონცეფცია, რომ მოვემსახუროთ არამარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ აზერბაიჯანის, სომხეთის, აღმოსავლეთ თურქეთის და სამხრეთ რუსეთის მოქალაქეებს. მათ ექნებათ წვდომა ქუთაისის აეროპორტის გავლით იმოგზაურონ ევროპის მიმართულებით ათეულობით პირდაპირი რეისის გამოყენებით.

რუსეთის რეისების შემცირებამ, რა თქმა უნდა, დიდი ზარალი მოგვაყენა, თუმცა ამავდროულად ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან რეისების ზრდა ხდება ევროკავშირის მიმართულებით.

ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია, დღესდღეობით, არ გვაქვს, თუმცა როგორც ჩანს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში ალბათ მოხდება რუსეთთან რეისების აღდგენა“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

პანელზე კითხვა დაისვა ასევე თელავის აეროპორტის სამომავლო პერსპექტივაზეც, რაზეც ჩოგოვაძემ ასეთი პასუხი გასცა:

„დღესდღეობით, „მიმინო“ არის კერძო მფლობელობაში. ამავდროულად, ეს აეროპორტი იმ რადიუსშია, რომელიც კომპანია „ტავ ჯორჯიას" აქვს საერთაშორისო ახალი აეროპორტის ოპერირების ნაწილში.

დღესდღეისობით, რომ გითხრათ, კონკრეტული ნაბიჯები ან გეგმა არსებობს, რომ მოხდეს მისი რეაბილიტაცია - არა, იმიტომ რომ ის არის კერძო და ისინი კერძო ინვესტორს ეძებენ“.