16.აგვისტო .2022 22:26

გიორგი ფარესიშვილი უზბეკეთის საფონდო ბირჟას უხელმძღვანელებს

გიორგი ფარესიშვილი უზბეკეთის საფონდო ბირჟას უხელმძღვანელებს
views 1999
უკან

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, რომელიც პოსტს მალე დატოვებს, უზბეკეთის რესპუბლიკურ საფონდო ბირჟას "ტაშკენტს" უხელმძღვანელებს. ამის შესახებ უზბეკური გამოცემა უზბეკეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„გადაწყვეტილება, რომ საბანკო სექტორსა და კაპიტალის ბაზარზე 27-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური უცხოელი ტოპ-მენეჯერი მოგვეზიდა, უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას უკავშირდება. ფარესიშვილის მთავარი ამოცანა იქნება ადგილობრივი საფონდო ბირჟის კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ინფრასტრუქტურაში ინტეგრირება და ასევე ადგილობრივi კომპანიების IPO-სა და SPO-ს ჩატარებაში დახმარება იქნება“, - განუცხადეს უზბეკურ მედიას ფინანსთა სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ფარესიშვილი საქართველოს საფონდო ბირჟის გენდირექტორის პოსტს სექტემბრამდე დატოვებს, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი ნინო ქურდიანი ინიშნება. გიორგი ფარესიშვილი ასევე ტოვებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ფარესიშვილი საქართველოს საფონდო ბირჟას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. როგორც „საქართველოს საფონდო ბირჟის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კომპანიის ახალი საორგანიზაციო სტრუქტურა, თვისობრივად გაუმჯობესდა სამეთვალყურეო საბჭოს როლი და კორპორაციული მმართველობა, შვილობილ კომპანიებში აქციონერებისგან დამატებითი კაპიტალის მოზიდვით კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა, გაეშვა ბირჟის და ცენტრალური დეპოზიტარის ახალი ვებგვერდები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბირჟაზე დალისტული კომპანიების და მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, უცხოელი ინვესტორებისთვის შესაძლებელი გახდა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ფლობა და შენახვა საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის „ქლიარსტრიმის“ და გლობალური კასტოდიანების მეშვეობით, პირველად განხორციელდა ქართული დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება და უცხოურ საფონდო ბირჟაზე დალისტული ფასიანი ქაღალდების პარალელური (ორმაგი) ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

გიორგი ფარესიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი 1995 წელს დაასრულა. მან კარიერა თბილისში, "აბსოლუტ ბანკში" დაიწყო. 2000-2002 წლებში ის სწავლობდა მიჩიგანის უნივერსიტეტში Stephen M. Ross School of Business-ში, რის შედეგადაც მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2000-2005 წლებში ის მუშაობდა ლონდონსა და ნიუ-იორკში Credit Suisse First Boston-ში, რომელიც Credit Suisse-ის საინვესტიციო მიმართულებაა.

2005 წლიდან გიორგი ფარესიშვილი ქართულ ბანკებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის "ბანკ რესპუბლიკაში", "ლიბერთი ბანკსა"  და "საქართველოს ბანკში".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა