მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ მაღალაშვილი: „Black Friday-ისთან დაკავშირებით, დაინფიცირების მომატებულ რისკებს ვერ ვხედავთ“

5fb3fea3ed3a1
თათია კაკიაშვილი
17.11.20 22:10
1397
„Black Friday-ისთან დაკავშირებით, დაინფიცირების მომატებულ რისკებს ვერ ვხედავთ“, - ამის შესახებ BMG-ს Retail Group Georgia-ს დირექტორმა, რევაზ მაღალაშვილმა განუცხადა. მაღალაშვილის თქმით, ამ განცხადების გაჟღერების საფუძველს იმ რეგულაციების მკაცრად დაცვა აძლევს, რაც კოვიდ 19-ის მართვისთვის გაიცა.

საქართველოში „შავი პარასკევის“ კვირეული 25 ნოემბრიდან დაიწყება. Black Friday კვირეული წელს ნოემბრის ბოლო კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მომხმარებელს ტრადიციული ფასდაკლებები მსხვილ და წვრილ ტექნიკაზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და სხვადასხვა აქსესუარზე დახვდება; გახანგრძლივების მიზეზი კი, ბიზნეს სექტორის თქმით, ხალხის ნაკადის თავიდან აცილებაა.

დღეის მდგომარეობით, როგორც ტექნიკის ქსელების, ასევე ტანსაცმლის რითეილ სექტორის მენეჯმენტს ინფორმაცია იმის შესახებ, შეეხებათ თუ არა მთავრობის მიერ დაანონსებული წერტილოვანი შეზღუდვა, არ აქვთ. ამიტომ კომპანიების დაგეგმილი აქციები მომხმარებლისთვის ისევ ძალაში რჩება.

„იმედი გვაქვს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებში რითეილ სექტორი არ მოხვდება. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს „შავი პარასკევი“ არ იქნება ერთდღიანი და მას უფრო კვირეულის სახე ექნება. ამას გარდა, სავაჭრო ცენტრები განიხილავენ დროზე ადრე გახსნის საკითხსაც იმისთვის, რომ ხალხის ნაკადი კიდევ უფრო მეტად გადანაწილდეს. შესაბამისად, Black Friday-ისთან დაკავშირებით, დაინფიცირების მომატებულ რისკებს ვერ ვხედავთ, იმ ღონისძიებებიდან გამომდინარე, რასაც ვგეგმავთ. რითეილ სექტორი უკვე მეორეჯერ პარალიზებას ვეღარ გადაიტანს”, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

მაღალაშვილი საქართველოს რითეილ ჯგუფის მიერ 2021 წლისთვის ქვეყანაში სხვადასხვა ინვესტორის ჩამოყვანას აანონსებს და ამბობს, რომ მომავალ წელს ბაზარზე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა აქსესუარების კიდევ რამდენიმე ბრენდი გამოჩნდება.