მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: 5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა

60ed6c37cd670
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.21 14:37
860
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამის შესახებ მან მცხეთაში, პარტია "საქართველოსთვის" რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას ოჯახის წინაშე, მედიის - ჟურნალისტების წინაშე, რა თქმა უნდა „TV პირველის“ წინაშე.

ის, რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა საქართველოს მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს - ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია", - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ის, რაც 5 ივლისს მოხდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

"რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის უკან, ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი - რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის და ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაცა იცოდა და გაგვაფრთხილა, ეს მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს. სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლების სარგებლობენ ხოლმე რაღაც გონორით, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ. როგორც ისინი ამბობენ, სახელმწიფომ ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა, ეს მხოლოდ ამძიმებს მათ მდგომარეობას და არ ამსუბუქებს".

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს უკვე იმდენად აღარ აქვს ნდობა, რომ არღვევენ კანონს და ასე აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.

"მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ გამოძიების დასრულების შესაძლებლობა. რასაც ამბობთ, რომ აი, ასე, დოზირებით უწყება გვაწვდის ინფორმაციას, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას - შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება და იაზრებს იმას, რომ ნდობა ინსტიტუტის სიტყვისადმი იმდენად ნაკლებია, რომ ისინი იძულებულები არიან ეს ყველაფერი კიდევ უფრო არ დამძიმდეს, აი ასე, ნაწილ-ნაწილ, უბრალოდ, ინსტიტუტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს იმდენად უკვე ნდობა აღარა აქვს და ფასი აღარა აქვს, რომ დაარღვიონ კანონი, მათ შორის, ასე, ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ისინი. ეს სამწუხაროა. ეს პირდაპირ ინსტიტუტების სისუსტეზე და იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ინსტიტუტები, სამწუხაროდ, მათ ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.