მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, საქართველოს დღევანდელი დღე და მომავალი

5df4e4700eb57
BM.GE
14.12.19 17:31
1479
"აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

"ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ვუთხრათ მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო. აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია.

ათასწლეულების წინ, დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა. მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაწილი. მაშინ, როდესაც მე-4 საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ყველაფერი ქვეყანამ "ქართული ოცნების" ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეძლო.

"ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს ყველას, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არასოდეს არ გვქონია ევროპასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც დღეს, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში. ეს მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ. ამ ყველაფერს მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.