მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე: ბატონებო, მიბრძანდით, მიიტანეთ, რაც გაქვთ

5dab40b2cdcff
BM.GE
19.10.19 20:56
1889
პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ეხება, იგი სრულად ემორჩილება კანონმდებლობას და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს.

"მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავისი უფლებამოსილების პერიოდში მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ის ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა. რა თქმა უნდა, იგივეს გავაგრძელებ, მე ვერ ვხედავ აქ ვერანაირ პრობლემას. ასეთი განცხადებებით ვერავინ მე დისკომფორტს ვერ შემიქმნის და მოქმედების არეალსაც ვერ შემიზღუდავენ, უბრალოდ, ხანდახან ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ.

აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ",- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ, როცა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი ე.წ მუქარის წერილი, თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილის მიხედვით, მასთან გიორგი გახარიას სამი მოთხოვნა ჰქონდა - „ტვ პირველი“ „ტელეიმედის“ ტრენდზე გადაერთოს, „არტარეას“ ობიექტურობის მაღალი ხარისხი დაეტყოს და ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადოს, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“ მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ შინაარსის Facebook პოსტი ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა.

ამ საქმეზე პროკურატურამ ხაზარაძე გამოკითხა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ აღნიშნა, რომ წერილს კონკრეტული პირების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს და ამასთან, ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა, რადგან არ დაასახელა შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა.