12.მაისი .2020 16:44

გიორგი გახარია ფერმერებს სარგებლობაში არსებული მიწების დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს

views 296
უკან

ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა, გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ესაა უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც, დარწმუნებულები ვართ, გამოყოფილი გვაქვს უკვე დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათები და დახმარებები იმ, ფერმერებსაც შეეხება, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე მოახერხებს მიწის რეგისტრაციას ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლიათ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რასაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა