მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

5dc110eeb50ea
თელარა გელანტია
05.11.19 09:54
761
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა.

მარკ რუტემ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რამდენადაც ნიდერლანდების სამეფოს, ორმხრივ ფორმატში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად ეწვია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას და გამოითქვა იმედი, რომ ამ კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.