07.ოქტომბერი .2020 13:06

გიორგი გახარია: PCR ტესტების რესურსი ამოუწურავი არ არის

views 309
უკან

"PCR ტესტების კეთების რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ უნდა იყოს მიზნობრივი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ტესტირებები იყოს მიზნობრივი და თუკი ადამიანს ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი, მაგრამ არ აქვს არანაირი სიმპტომი, ავტომატურად უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ - ჩაუტარდეს ტესტირება.

„ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, ხოლო ამასაც თავის მხრივ აქვს რამდენიმე ეტაპი - ტესტირება, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში. სწრაფი გამოვლენის ნაწილში შევცვალეთ მოდელი მიზნობრიობის კუთხით. ყველას უნდა გვახსოვდეს, როცა ქვეყანაში ვირუსი დაიწყო, სახელმწიფო აკეთებდა დღეში, დაახლოებით, 200 ტესტს, დღეს აკეთებს 10 ათასზე მეტ PCR ტესტს. მიუხედავად ამისა, ამ ტესტის კეთების რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ უნდა იყოს მიზნობრივი. ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა მიზნობრივი ტესტირება. ანუ როცა ადამიანს უჩნდება პირველი ჩვენებები, უნდა გაიტესტოს, ასევე უნდა გაიტესტონ ექიმები, მასწავლებლები, მძღოლები, პოლიციელები და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.