მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: რუსეთის მიმართულებით ფრენების სუბსიდირებას არ განვიხილავთ

5d9c52da277da
ლიკა გურაბანიძე
08.10.19 13:10
1516
„ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები ძირითადად ქუთაისის აეროპორტი იყო. დღეს ჩვენ დაახლოებით, 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირ ფრენებს ვახორციელებთ. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდოთ. ამ ინსტრუმენტს ჩვენ, რა თქმა უნდა, შემდგომში გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ეს სუბსიდირების ფორმები ქვეყნისთვის უნდა იყოს კომერციულად საინტერესო და მისაღები, რათა ტურიზმი განვითარდეს. ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ: 2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთის მოქალაქეთა დაცვის მოტივით ამოქმედებული სპეციალური განკარგულება ამოქმედდა, რომლის შედეგადაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა. 

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა დადგენილებებს, რომლითაც თბილისი-მოსკოვის რეისების მგზავრთნაკადის დაკომპენსირების მიზნით, სახელმწიფო გეგმავდა თბილისი-ერევანის რეისების სუბსიდირება დაეწყო. პროექტის მიხედვით, რუსი ტურისტების მოსაზიდად, რუსული აეროპორტებიდან აფრენილი თვითმფრინავები ჯერ ერევანში დაეშვებოდნენ, შემდეგ კი, ტურისტები თბილისში ჩამოვიდოდნენ. 2019 წლის 2 აგვისტოს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ერევანის მიმართულებით რეისები დაფინანსდებოდა იმიტომ, რომ ნათესავებს ერთმანეთი ენახათ. "შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი,” - ამბობდა წინა პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში ეწერა, რომ პროგრამისთვის საჭირო თანხას 600,000 ევროს, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოფდა. სუბსიდირების პროექტის კონფიგურაციის მიხედვით, დაფინანსებას მიიღებდა კომპანია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიმართავდა.

საქართველოს მთავრობის 331-ე დადგენილებით კი განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებითაც მოახდენდა ფრენების დაფინანსებას. სუბსიდიის მიღებისთვის დადგინდა ისეთივე ნორმები, როგორიც ერევანის მიმართულებაზე იყო გათვალისწინებული. ჯამურად სახელმწიფო მზად იყო 1.8 მლნ ევროთი მოეხდინა ავიაკომპანიის დაფინანსება. ამ დადგენილებების მიღებიდან ორი თვე გადიდა, თუმცა ამ დროისთვის ჯერ პროგრამა გამოცხადებული არაა.