03.ოქტომბერი .2019 10:31

გიორგი გახარია: სებ-ის მიერ სარეზერვო მოთხოვნის შემცირება მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი

views 147
უკან

მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 25%-მდე დაწევის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი:

“მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების თაობაზე სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ მისცემს მოსახლეობას იმის დანახვის შესაძლებლობას, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობს. ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით, 700 მილიონი დოლარის რესურსი, რაც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ეკონომიკას,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე, პრემიერმა მინისტრებს მათი სფეროების მიხედვით მისცა დავალება, რომ გაიმართოს შეხვედრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა აღნიშნული ფინანსური რესურსის სრულფასოვან ათვისებას შეეწყოს ხელი.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სებ-ი უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს.

2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ლარის სარეზერვო მოთხოვნა კი უცვლელად, 5%-ზე დატოვა. შესაბამისად, სებ-მა მარტში მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება.

ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.

შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა