მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია წელს თხილის „საუკეთესო ფასს“ აანონსებს

5f4ce6a71bb2d
თელარა გელანტია
31.08.20 16:00
926
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წელს თხილის საუკეთესო ფასს აანონსებს.

ამის შესახებ მან ჩაქვში განაცხადა. პრემიერს სავარაუდო ფასის დიაპაზონი არ დაუსახელებია. მისი თქმით, წელს, აჭარაში, დაახლოებით, 5 ათას ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან.

„აჭარაში ცოტა თხილიც გვაქვს და გახსოვთ ფაროსანასთან ბრძოლის ნაწილიც. ესეც ადამიანზე ზრუნვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, თხილი ცოტა უფრო ბევრი მოდის, მაგრამ წელს აჭარაში დაახლოებით 5 ათას ტონა თხილს ველოდებით. ძალიან კარგი, საუკეთესო ფასი იქნება და აქაც გლეხს ყველანაირად გვერდით დავუდგებით.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე. მთავრობის ვალდებულება უნდა იყოს, გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. გასაკეთებელი საქმე ყოველთვის ბევრი გვექნება. ზოგიერთებმა თქვეს, პრემიერ-მინისტრმა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე გზა არის დასაგებიო. არა, ბატონებო! ამ გზას ვაგებდით და კიდევ 8 წელი დავაგებთ და ყველა ერთად გავაგრძელებთ შრომას”, - თქვა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია ვარაუდობს, რომ სეზონის განმავლობაში ფერმერებისგან შესასყიდი თხილის ღირებულება სავარაუდოდ, 6-8 ლარის ფარგლებში იქნება.

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის ამავე პერიოდში,   693 ტონა თხილი იყო ექსპორტირებული.