09.დეკემბერი .2019 16:00

გიორგი გახარია ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურების საქმეზე კომენტარს აკეთებს

views 2119
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბ ანგარიშფაქტურების საქმეზე გააკეთა კომენტარი. გახარია ამბობს, რომ გამოძიება დააკავებს ყველას, ვისაც აღნიშნულ დანაშაულთან ექნება შეხება.

"ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თქვენ მართალს ბრძანებთ, ბევრი დამნაშავე ამ კონკრეტულ ეპიზოდთან მიმართებით არის დაკავებული, მიმდინარეობს ყველა შესაძლო პირის გამოკითხვა, ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან, იქნება დაკავებული,"- ამბობს გახარია.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე 62 პირია დაკავებული, 123 მილიონის ღირებულების ქონებაა დაყადაღებულია.

„ამ ეტაპისთვის ასეთი სიტუაციაა - 102 ადამიანის მიმართ აღძრულია სსკ-ით საქმე. აქედან პატიმრობაში იმყოფება 62 ადამიანი. ძალიან მცდარადაა აზრი წარმოჩენილი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებულები და სად არიან სახელმწიფო მოხელეებიო... ესაა საკმაოდ მცდარი. მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. საკმაოდ ბევრი მათგანი არის სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, მათ შორის საგამოძიებო სამსახურის და მეტსაც გეტყვით - მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები; ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, რომელიც რეალურად არც არასდროს ყოფილა ბიზნესმენი და წარსულში, 10-15 წლის წინათაც სხვადასხვა თაღლითობაში მონაწილეობდნენ და ზუსტად დღგ-ის თაღლითობებზე იყვნენ ნასამართლევიც კი“, - პარლამენტში აღნიშნულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა.