01.ოქტომბერი .2019 19:30

გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ლარი დავიცვათ

views 308
უკან

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფინანსური ფასების სტაბილურობა, რადგან გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, ის ნაბიჯი, რომელიც დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების მიმართულებით გადადგა, მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ის იაფი რესურსი, რომელიც საბანკო სექტორმა შესაძლოა ეკონომიკას მიაწოდოს ეფექტურად იყოს ათვისებული,“ - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს. შესაბამისი განცხადება კობა გვენეტაძემ დღეს გააკეთა. გვენეტაძის თქმით, ეს ბანკებს $700 მილიონის რესურსს გამოუთავისუფლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება.