11.მაისი .2020 15:21

გიორგი გახარია: ზოგიერთს ეწყინა, თუ რატომ ვიწყებთ დახმარებებს ტურიზმიდან

views 1737
უკან

პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გაიხსნება; სექტორის მხარდასაჭერად, მთავრობამ 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა, რაც როგორც სუბსიდიებს, ასევე, საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა დღეს იმის შესახებაც გააკეთა განცხადება თუ რატომ აირჩია მთავრობამ დახმარებისთვის, პირველ რიგში, ტურისტული სექტორი. ეს გიორგი გახარიას თქმით, განპირობებული იყო ორი ძირითადი ფაქტორით - თუ რა ზიანი მიიღო სექტორმა COVID-19-იდან გამომდინარე და რამდენად დიდ წვლილს თამაშობდა ის ქვეყნის ეკონომიკაში.

“ამ ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენისა და განახლების პროცესი დაიწყება ტურიზმიდან, შემდგომი დარგი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი. რა თქმა უნდა, ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, შემდგომ იქნება მედიცინა. აი, ასე, მივუყვებით ჩვენ.

ეს რანჟირება დაყრდნობილია ორ კომპონენტზე - თუ ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად და ვის რა წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან ზოგიერთებს ეწყინათ, რატომ იწყებთ ტურიზმითო და რატომ არ იწყებთ ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობითო. ეს კი იმიტომ, რომ საშუალო შეწონილს რომ ავიღებთ, ტურიზმის წვლილი, ეკონომიკაში და ამავე დროს, მიყენებული ზიანი ამ კრიზისისგან არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ ეს არის სოფლის მეურნეობა, შემდგომ ეს არის ეკონომიკის სხვა დარგები,”- ამბობს პრემიერ-მინისტრი.

დღესვე გიორგი გახარიამ ისაუბრა ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც COVID-ისგან თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნას გულისხმობს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები გამოვაცხადოთ COVID-19-ისგან სუფთა ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც ვსაუბრობთ პატარა მობილურ ზონებზე. ეს შეიძლება იყოს საირმე, შეიძლება იყოს წყალტუბო, შეიძლება იყოს გუდაური. ბათუმი მაინც დიდია ამისთვის.

აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროებს, იქ სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ იმისთვის, რომ COVID-ისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული შეღავათების პაკეტი კი, ასე გამოიყურება:

1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება ტურისტული ინდუსტრია. (შეღავათი 45 მლნ ლარი);
2. საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდება 2020 წლის ბოლომდე (90 მილიონი ლარის შეღავათი);
3. განთავსების ობიექტების (სასტუმროების) სუბსიდირება მოხდება მათ სასესხო ვალდებულებებზე. ყველა ობიექტი, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდეა, 5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტის მომსახურებაზე სახემწიფოსგან 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებს. (განსაზღვრულია 60 მილიონი ლარი);
4. ტურიზმის სექტორს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა დაუფინანსდება;
5. კვების ობიექტებთან მიმართებით - მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
6. კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
7. კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს;
8. ტურისტული კომპანიები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
9. ტურისტული კომპანიებისთვის გადავადდება საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე;
10. ტურისტული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით მოხდება კრედიტის თანადაფინანსება;
11. ტურისტული კომპანიებისთვის მოხდება ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის სუბსიდირება;
12. გიდების მხარდაჭერის პროგრამა.

ჯამურად პროგრამის მოცულობა 200 მილიონი ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა