28.დეკემბერი .2020 18:39

გიორგი კაკაურიძე: ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან

გიორგი კაკაურიძე: ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან
views 571
უკან

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის აზრით, „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ მეტად უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და დაწესებული გადასახადები ყველამ სამართლიანად უნდა გადაიხადოს". ივანე მაჭავარიანის მოადგილემ ეს განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობის ვალის 60%-იან ზღვრულ ნიშნულამდე გაზრდაზე. გიორგი კაკაურიძის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის გაზრდილი ვალი განსაკუთრებულად სარისკოა, რადგანაც მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ის ამბობს, რომ 3 წლის ვადაში ვალის ნიშნული 57%-მდე დაიწევს, რასაც შემცირებული დეფიციტის მაჩვენებელი უზრუნველყოფს, მაგრამ სწორება ვალის მშპ-თან ფარდობის 50%-მდე შემცირებაზე ექნებათ.

„ის რესურსები, რომელიც არსებობს ქვეყანაში და გამოუყენებელია, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ნაწილი, რომელთაც აქვთ პოტენიალი და ეკონომიკურ ზრდაში წვლილი უნდა შეიტანონ. მათ აქვთ რესურსი, რომ მიიღონ მეტი მოგება და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში დაგვეხმარონ. ასევე, აუცილებლად მოგვიწევს და საჭირო იქნება დამატებითი შემოსავლების მოძიება. აქ არ ვგულისხმობ რაიმე გადასახადის გაზრდას, საუბარია ადმინისტრირების ნაწილზე, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად გამოვიყვანოთ ჩრდილიდან და სამართლიანად დაწესებული გადასახადები ყველამ გადაიხადოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, საგადასახადო შეღავათების ნაწილში აუცილებელია ცვლილებები. სხვათა შორის ეს ის თემაა, რაზეც გასულ კვირას განცხადებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შემდეგ კი, ფინანსთა მინისტრმა გააკეთეს.

კერძოდ, გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ სავალუტო ფონდთან ერთად უნდა იქნას შესწავლილი რამდენად ასრულებს ესა თუ ის შეღავათი თავის მთავარ ფუნქციებს და არამიზნობრივი შეღავათები უნდა გადაიხედოს.

„მსგავსი და სხვა ბევრი გადაწყვეტილებით უნდა მოვახერხოთ, რომ მთავრობის საგარეო ვალი არა - 57%, არამედ 50%-მდე ჩამოვიდეს, რადგან 50%-იანი ნიშნული, შეიძლება, უფრო ურისკოდ ჩაითვალოს. გასულ წელს ჩემთვის ვინმეს რომ ეკითხა, 50% რამდენად ნორმალური რიცხვიაო, ნამდვილად არ დავეთანხმებოდი ამას, რადგან მოთხოვნის მიუხედავად, არ ვთანხმდებოდით კიდევ მეტი პროექტის დაფინანსებას, რომ მთავრობის ვალი 40%-იან ზღვარზე ზემოთ არ წასულიყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი თავის თანახმად, 5.27-მილიარდიანი ვალიდან 100% საგარეო ვალი იქნება და მომდევნო წელს მთავრობა შიდა ვალს არ აიღებს ანუ არ მოხდება სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს გადააბიჯებს და ის 60.1% გახდება.