მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მოლოდინაშვილი: იქმნება საქართველოს საავიაციო ასოციაცია

60c0dcf47f78c
BM.GE
10.06.21 10:15
918
ავიაბიზნესსა და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად ახალი ფლატფორმა - საქართველოს საავიაციო ასოციაცია შეიქმნება, რომლის ჩამოყალიბებაზე მუშაობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უკვე დაწყებულია.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი აცხადებს, საქართველოს საავიაციო ასოციაციის ფორმირების პროცესი დაწყებულია და ის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე, ავიაციის დარგის ყველა მიმართულებით იმუშავებს.

"ასოციაცია არის კომიტეტის განვითარების შემდეგი ეტაპი. მასში გაერთიანდება ავიასაწარმოები, კომპანიები და ინდივიდები, რომლებიც დღეს გვყავს კომიტეტის ფარგლებში. ასოციაციის ხედვა იქნება ის, რომ ჩამოყალიბდეს უფრო დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც გამოვა წევრების ინტერესებიდან გამომდინარე, იმუშავებს ავიაციის დარგის ყველა მიმართულებით. რეალურად ვაძლიერებთ იმ პლატფორმას, რომელიც არსებობს. შესაბამისად, მას ექნება ძლიერი მართვის სტრუქტურა და ხედვები. ასევე მოქმედებების ფართო არეალი", - აცხადებს გიორგი მოლოდინაშვილი.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქართველოს საავიაციო ასოციაციის სტრუქტურისა და ხედვის ჩამოყალიბების მოდელზე დონორ ორგანიზაციებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„მთავარი გამოწვევა, რაც რჩება და რაზეც ვმუშაობთ, ეს არის პანდემიასთან ბრძოლა, რათა ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა გაძლიერებული, კომუნიკაცია ყველა დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და მომავალზე ორიენტირებული საკითხები - როგორიცაა ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც იქნება ქმედითი დოკუმენტი მსგავს პანდემიის თუ კატაკლიზმების დროს", - აცხადებს გიორგი მოლოდინაშვილი.