მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პაპავა: იპოთეკური სესხის სუბსიდირებით მოქალაქეებს იაფი სესხის აღებისკენ ვუბიძგეთ

5fe7367fcda17
ანუკა ჯოხაძე
26.12.20 17:38
2022
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 317 იპოთეკური სესხია დამტკიცებული. თიბისი კაპიტალის ეკონომიკის აღდგენის დინამიკის უახლესი მიმოხილვის მიხედვით კი, 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 37.6%-ია. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამშენებლო სექტორის ნაწილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას ითხოვს. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 2020 წლის 31 დეკემბერია, ამიტომ Bm.ge-მ მიმდინარე პროგრამის და ასევე, მისი შესაძლო გაგრძელების შეფასება ეკონომისტ გიორგი პაპავას სთხოვა, რომელიც იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას აკრიტიკებს. მისი თქმით, იპოთეკური სესხის სუბსიდირებით მოქალაქეებს იაფი სესხის აღებისკენ უბიძგეს. „მთავრობამ სექტორის სტიმულირების პარალელურად ისედაც კრიზისულ მდგომაროებაში მყოფ მოსახლეობას სტიმული მისცა, რომ აეღოთ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები”, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პროგრამის გაგრძელების ალბათობას, გიორგი პაპავა ამბობს, რომ ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ გაზრდილია საგარეო ვალი, ხოლო არსებული რესურსით იმ სექტორის დახმარება უნდა მოხდეს, ვისაც ეს საჭიროება დღეს ყველაზე მეტად უდგას. თუ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდა, ეს ნიშნავს იმას რომ იმის ნაცვლად, რომ ადამიანებმა სცადონ შედარებით იაფიანი ბინების მოძიება, ისინი ინაცვლებენ იაფიანი სესხების მიმართულებით. იგივე მარკეტინგული კამპანიები ბანკებისგან და სამშენებლო კომპანიებისგან ძირითადად მიმართულია არა იმაზე, რომ გაიაფდა უძრავი ქონება და ამ კუთხით ვუბიძგოთ მომხმარებლებს შეიძინონ ბინები, არამედ - უბრალოდ იმაზე, რომ აიღონ იაფიანი სესხი, თუმცა სინამდვილეში იმ გაურკვევლობის გათვალისწინებით, რაც საქართველოს ეკონომიკაში არსებობს, რეალურად რამდენად იაფიანი აღმოჩნდება 20 წლიან პერსპექტივაში ეს სესხები, ცალსახა არაა”, - აცხადებს ეკონომისტი გიორგი პაპავა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 2020 წლის 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იყო და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს. სუბსიდირება ეხება ყველა იმ პირს, ვინც ბანკს შესაბამისი მოთხოვნით 2021 წლის 1 იანვრამდე მიმართავს.