მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: აგრესიული პრივატიზაციისთვის ახლა კარგი დრო არაა

5eedecc84c0f1
თელარა გელანტია
20.06.20 17:00
1392
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას აზრით, აგრესიული პრივატიზაციისთვის ახლა კარგი დრო არ არის. ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ სიტუაციაში, პანდემიის და კრიზისის დროს, მთავრობა რომ გამოვიდეს და დაიწყოს აგრესიული პრივატიზაცია, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, რადგან კრიზისის დროს, როცა ბაზრები გაფუჭებულია, მაშინ როცა ხალხი არ ფიქრობს ახლის შეძენაზე, სავარაუდოდ, მოგვიწევს დაბალ ფასად ქონების გაყიდვა. ამდენად ვფიქრობ, ახლა არაა დრო მსხვილი პრივატიზაციისთვის“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ზოგადად, უფრო მიესალმება, სახელმწიფო ქონების გაყიდვას საინვესტიციო ვალდებულებებით.

„პრივატიზაციის დროს, მე ყოველთვის მომხრე ვიყავი ინვესტორისთვის ქონების უფასოდ, 0 ლარად გადაცემის, რა თქმა უნდა, ვალდებულებების ჩადებით, რადგან როდესაც ვყიდით რაღაცას და მყიდველს ვახდევინებთ საბაზრო ფასს, მაშინ ვერანაირ ვალდებულებას ვერ ჩაუდებ - საბაზრო ფასია და მორჩა. საბაზრო ფასი კი, არის ერთჯერადი შემოსავალი ბიუჯეტში, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში ერთხელ შემოსული თანხაა, რომელიც დაიხარჯება და მორჩა.

რაც შეეხება ქონების პრივატიზაციას საინვესტიციო ვალდებულებებით, რომელიც შეიძლება იყოს სასტუმროს აშენება, კონკრეტული ინვესტიციის ჩადება თუ განსაზღვრული რაოდენობის მოქალაქეების დასაქმება, ეს ვალდებულებებიც სწორად უნდა იყოს განსაზღვრული და ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ მისი სწორი მონიტორინგი, რაც ხშირად არ ხდება ხოლმე.

ვგულისხმობ იმას, რომ არ უნდა ხდებოდეს ვალდებულებების ხშირი და ინდივიდუალური გადავადება კონკრეტული კომპანიების მიმართ. რა თქმა უნდა, საუბარი არაა 2 ან 3 თვეზე, როცა შეიძლება გარკვეული, ინვესტორისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება, თუმცა არ უნდა მოხდეს ისე, რომ წლობით გაგრძელდეს გადავადების პროცესი და თან შერჩევითად. ამდენად, ვფიქრობ, სწორად განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების გზით პრივატიზაცია გაცილებით კარგია და მეტის მომტანია ეკონომიკისთვის, ვიდრე საბაზრო ფასად რამის გაყიდვა“, - ამბობს გიორგი პერტაია.

პრივატიზაციის ორი გეგმა სახელმწიფო ქონების სააგენტოში - ოფიციალური და შიდა