მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: ცვლილებების გარეშე ინვესტიციები, უბრალოდ, არ შემოვა

5f1eea8aaa779
ელენე გოგბერაშვილი
27.07.20 20:00
1510
“აუცილებლად უნდა გადავხედოთ საქართველოს TOP-5 საინვესტიციო ქვეყნის სიას“- ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ქვეყნის განახლებულ საინვესტიციო სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა. გიორგი პერტაიას თქმით, არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ გლობალურად შემცირდება ინვესტიციები, მათ შორის ეს ყველაზე საგრძნობი განვითარებად ქვეყნებში იქნება. აქედან გამომდინარე, ის ვარაუდობს, რომ ინვესტიციების ნაწილში კლება ექნება საქართველოსაც, ამიტომ თვლის, რომ ინვესტორების დასაინტერესებლად ქვეყანას რამდენიმე მიმართულებით მოუწევს მუშაობა.

„სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ინვესტიციების მოცულობა შემცირდება. გაეროს კვლევის მიხედვით, საუბარია ინვესტიციების 40%-იან შემცირებაზე მთელს მსოფლიოში; რასაც საქართველოს მთავრობა ახლა ცდილობს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, ძალიან დროულია, რადგან საჭიროა გარკვეული ცვლილებები. ცვლილებების გარეშე ინვესტიციები უბრალოდ არ შემოვა. უფრო გამძაფრდება მსოფლიოში ინვესტიციებზე ნადირობა, განვითრებად ქვეყნებს შორის კონკურენცია გაიზრდება, ბევრი ახალი პროდუქტი შეიქმნება ქვეყნების მიერ და ვფიქრობ, ამ ფერხულში საქართველოც უნდა ჩაერთოს და მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოახერხოს.

ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ, ჩვენს TOP-5 საინვესტიციო ქვეყნის სიას და ალბათ გავაკეთოთ დასკვნა, რომ, სავარაუდოდ, ეს რადიკალურად შეიცვლება; როცა ჩაკეტილია ქვეყნები, უნდა ვეცადოთ უკვე იმ ინვესტირებს, ვინც საქართველოშია შემოსული, მათ ვესაუბროთ და ინდივიდუალური პროექტები შევთავაზოთ და როცა ახალი პროექტებით მათ დაინტერესებას შევძლებთ, შემდეგ უკვე ისინი შეეცდებიან, თავიანთი უცხოელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ დამატებითი ფული ჩადონ საქართველოში. 

მეორე მეთოდი, რასაც უნდა ვეცადოთ, ესაა მიწოდების არხები, რაც მოირღვა... სხვადასხვა ქვეყნებს აქვს პრობლემა და ვეღარ აწვდიან პროდუქტს იმ კომპანიებს, რომლებსაც გაყიდვები არ შემცირებიათ, ამ არხებში ჩაჯდომა არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ასე უცებ არ ხდება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი თანმდევი პრობლემაა, ასევე, პროფესიული განათლება და მუშახელის პროფესიონალიზმი, აქაც, სამწუხაროდ, ერთ დღეში ამის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ ამ ნაწილში მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - აცხადებს გიორგი პერტაია.