მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: პოლიტიკოსებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ბიზნეს გარემო არის ცუდი

5e58c102c51c7
ინგა მურუსიძე
28.02.20 11:27
850
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას განცხადებით, რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნოდ და არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ბიზნეს გარემო არის ცუდი.

ასე უპასუხა პერტაიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რამდენად აისახება ბიზნესზე დასავლეთის კრიტიკა.

„ბიზნესმენები ძალიან პრაქტიკული ადამიანები არიან და როცა ბიზნეს გარემოს ეცნობიან, ისინი ხელმძღვანელობენ ისეთი საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაციების კვლევებით, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ და ა.შ. ამ კვლევების მიხედვით, ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანაში, გვაქვს საუკეთესო ბიზნეს გარემო, გვაქვს ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურები, ყველაზე სწრაფი რეგისტრაციის პროცედურები და ყველაზე კარგი ვაჭრობა საზღვარზე. სულ უმოკლეს ხანში დამთავრდება მუშაობა ე.წ. გაკოტრების შესახებ კანონზე და ამ რეფორმების შედეგად ჩვენ წინ წავიწევთ. მთავარი ახლა არის ის, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა აიღონ პოლიტიკოსებმა და არ უნდა ისაუბრონ ბიზნეს გარემოს შესახებ უმიზეზოდ, რომ ეს არის ცუდი. საქართველოში აუცილებელია, რომ როცა რაღაცაზე საუბრობ, წყარო დაასახელო, ხოლო წყარო არის სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც დავასახელე. სწორედ მათ უყურებენ ბიზნესმენები. განცხადებები ძალიან ბევრი იქნება მათ შორის არჩევნებამდე, მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ასეთი განცხადებები იარსებებს“, - განაცხადა პერტაიამ.