მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია შრომის ინსპექციის კანონპროექტის უმთავრეს ხარვეზს ასახელებს

5ef1e1d573b5e
თელარა გელანტია
23.06.20 15:02
999
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ეხმაურება შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარეობს. გიორგი პერტაიას პოზიციას პალატის პრეს-სამსახურ ავრცელებს.

“მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომითი გარემო, თუმცა აღნიშნული მიზნის მიღწევა დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესების პროპორციული და თანაზომიერი გათვალისწინების გარეშე", - აცხადებს პერტაია.

მისივე თქმით, მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ბიზნესის რიგი რეკომენდაციები.

“არსებული რედაქცია, წინა ვერსიისგან განსხვავებით ითვალისწინებს საჩივრის განხილვის კონკრეტულ ვადებს. კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. კანონპროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსია ითვალისწინებდა აღნიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, გონივრული ვადით, რაც ბუნებრივია ეწინააღმდეგებოდა როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლების ინტერესებს. მხარეები იძულებულნი იქნებოდნენ გაურკვეველი პერიოდით ყოფილიყვნენ ინტენსიური მოლოდინის რეჟიმში”, - ამბობს პალატის პრეზიდენტი.

გიორგი პერტაიას განმარტებით, კანონპროექტის არსებულ ვერსიაში აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია და პირდაპირ არის მითითებული, რომ მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია საჩივრის განხილვის ვადა გააგრძელოს 1 თვით.
“პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ განონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი აღნიშნული ვადის გაგრძელების დასაბუთების აუცილებლობის შესახებ, თუმცა კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს ისეთ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვნად არღვევს დასაქმებულების და დამსაქმებლების ინტერესებს შორის ბალანსს, დამსაქმებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ", - აღნიშნა მან.

პერტაია შემოთავაზებული კანონპროექტის უმთავრეს ხარვეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად შეუზღუდავ უფლებამოსილებებს ანიჭებს შრომის ინსპექციის სამსახურს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ ეწინააღმდეგება დამსაქმებლის ინტერესებს და შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ბიზნესის განვითარებაზე.

“კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი ხდება შევიდეს სამუშაო სივრცეში დღე-ღამის ნებისმიერ დროს სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე. უფრო მეტიც, შრომის ინსპექტორის ადგილზე შემოწმების უფლებამოსილება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო სივრცით, არამედ მას ასევე ენიჭება უფლება სასამართლოს გაცემული ბრძანების საფუძველზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში. გარდა ამისა, დაუბალანსებელია ასევე ნორმები, რომლებიც შრომის ინსპექტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს სამუშაო სივრცის ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებას უკავშირდებოდეს და ეწინააღმდეგება დამსაქმებლისა და ბიზნესის განვითარების ინტერესებს”, - აღნიშნავს გიორგი პერტაია.

პალატის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიზნესისთვის დაწესებული დამატებითი რეგულაციები და მათი უფლებების შეზღუდვა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მაჩვენებლებზე, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას იქონიებს დასაქმებულთა კეთილდღეობაზეც.

“დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესები არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული და ბიზნესის თავისუფალი განვითარება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობასთან”, - აცხადებს პერტაია.