მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: ვაპირებთ ბიზნეს მოთხოვნებზე დაფუძნებული კვლევების ე.წ. Think Tank-ის დანერგვას

5e01c18c69d7b
თელარა გელანტია
24.12.19 11:40
1132
21-22 დეკემბერს, სასტუმრო ,,ბორჯომი-ლიკანში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის აკადემიის მხარდაჭერით მედია სემინარი გამართა, სადაც პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მედიის წარმომადგენლებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის 2020 წლის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

გიორგი პერტაია მედიის წარმომადგენლებს ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობის კუთხით პალატის როლი, ამ მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევები, 2020 წლის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე და მედიას მსოფლიო პალატების პრაქტიკა გააცნო. 

„მნიშვნელოვანია, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ორმხრივი ინფორმაციის გაცვლისა და მედიის ინფორმირების კუთხით - თუ რა ტიპის ახალ სერვისებს ვგეგმავთ, რა იქნება მომავალი წლის პრიორიტეტები და რა ნაწილში ვაპირებთ გააქტიურებას. ჩვენ ვაგრძელებთ მთავარ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობას. თუმცა, ვამატებთ ახალ ფუნქციებსაც. ვაპირებთ, გააქტიურებას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ჩვენი წევრებისთვის. გარდა ამისა, ბიზნეს მოთხოვნებზე დაფუძნებულ კვლევებს, ე.წ Think Tank-ის დანერგვას და შემდგომ, კვლევებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს მივაწვდით პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებს. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის წახალისებისთვის და გვსურს, გამოვიყენოთ ის ქსელი, რაც პალატას მსოფლიო მასშტაბით გააჩნია. ვფიქრობ, რომ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ამ ნაწილში და ქართულმა ექსპორტმა ეს შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს’’, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

სემინარის ფარგლებში, პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი და დეპარტამენტების უფროსები მედიის წარმომადგენლებს პროფესიული განათლების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ. მათ ამ კუთხით პალატის ხედვა გააცნეს და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, ჟურნალისტები პალატის დაფუძნებული ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.

შეხვედრისას, საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების აკადემიის პროექტის მენეჯერმა, კნუტ გერბერმა ერთობლივ პროექტებზე, მიღწევებსა და გეგმებზე ისაუბრა.

სემინარი დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ცენტრალური და რეგიონული მედიის 20-ზე მეტი პროდიუსერი და ჟურნალისტი ესწრებოდა.