16.იანვარი .2021 20:40

გიორგი პერტაია: ყველა ინვესტორს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ

გიორგი პერტაია: ყველა ინვესტორს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ
views 380
უკან

“მოგვიწევს სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ოცნების“ მთავრობის დამტკიცებისას დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის კითხვას - „რას ვთავაზობთ ინვესტორებს“?

პრემიერის მიდგომას იზიარებს საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, ინვესტორების მოზიდვა რთული ხდება, ამიტომ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა და ინვესტორებთან ინდივიდუალური წესებით მუშაობა ძალიან კარგი იქნება.

„ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი, რომ ინვესტიციების მოზიდვისას ყველაზე კარგი წესი არის წესის არქონა. განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ინდივიდუალურად მივუდგეთ ყველა ინვესტორს და ასეც უნდა მოვიქცეთ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ და იქვე დასძინა, რომ „წესის ქონა უფრო ცუდია“. „შემდეგ ყოველთვის გვიწევდა და გვიწევს იმ წესისითვის გამონაკლისის ძებნა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: 2020 წლის 9 თვეში ინვესტიციების ჯამური მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, საერთო მაჩვენებლის კლება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების კატეგორიებში. ყველაზე მიმზიდველი ინვესიტიციებისთვის საფინანსო სექტორია, ხოლო შემდგომ მოდის უკვე სამთომოპოვებითი მრეწველობა; დამამუშავებელი მრეწველობა; ენერგეტიკა; მშენებლობა და უძრავი ქონება, თუმცა მათი პროცენტული წილები 10%-ს არ აღემატება მაშინ, როცა საფინანსო სექტორის წილი 42%-ია. მთავარ ინვესტორ ქვეყნებს თუ შევხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ: გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, აშშ, თურქეთი და პანამა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა