მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: არათუ "ქამრების შემოჭერა", მთავრობამ ახალი, პატარა შარვალი უნდა შეიკეროს

5eabcabe864e1
თელარა გელანტია
01.05.20 11:05
1963
“ესაა გეგმა, როგორ გავანაწილოთ საერთაშორისო დონორებისგან ნასესხები თანხები მოსახლეობის გარკვეულ ფენებზე“, - ასე აფასებს bm.ge-ისთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს.

“ზოგადად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მმართველი ძალა ეცდება პოლიტიკური დივიდენდები დაიწეროს ამ მოვლენებისგან, ეს არახალია, მთელ მოფლიოში იგივე ხდება, საქართველოშიც ასე იქნება. სოციალური დახმარების დარიგება მოსახლეობის იმ ფენებისთვის, ვისაც ძალიან უჭირს, არის პოპულარული ნაბიჯი. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ეს ნაბიჯი იმისგან, რამაც უნდა მოგვიტანოს წინსვლა, განვითარება და უნდა დაგვაყენოს იმ ქვეყნების რიგში, რომელმაც ერთი მხრივ, სწრაფად დაძლია პანდემია და მეორე მხრივ, გამარჯვებული გამოვიდა ამ კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ვინ იტყვის, რომ სოციალურად ნაკლებად შეძლებულ ფენას, ან პენსიონერებს რატომ ვაძლევთ ფულად დახმარებას?! ამის თქმა ძალიან არაპოპულარულია. ბუნებრივია, ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ახლა ვაკეთებთ, ის არის, რომ ვისესხებთ ძალიან ბევრ ფულს და ამ ფულს დავარიგებთ გარკვეულ სოციალურ ფენებზე და ამით ამოიწურება ეს რეაგირება, რაც არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა მოხდეს. ამიტომ უმჯობესია, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ანუ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ხედვა უშუალოდ ეკონომიკაში სექტორების მიხედვით რა გათვლები აქვს, რა პროგნოზები... ვფიქრობ, ამის განხილვა ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე 200-ლარიანი თუ 300-ლარიანი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სოციალური პაკეტის განხილვა, როგორც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტიმულირების გეგმის, არ იქნებოდა სწორი“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

მისივე თქმით, „საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სჭირდება არა დახმარება, არამედ პირველ რიგში, სამუშაო ადგილი“ და მთავრობაც ამაზე და ასევე, რიგი ხარჯების შემცირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„ყოველთის სჯობს დავეხმაროთ იმას, ვისაც ეს სჭირდება, ვიდრე ყველას - მცირედით. თუ ჩვენ უნივერსალური პრინციპით წავალთ, ყველა მიიღებს ცოტას და არავისთვის იქნება საკმარისი - მითუმეტეს მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაქსიმალურად ნაკლები იყოს პოლიტიკური სპეკულაციები. ასევე. ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ანუ კონკრეტულად რა კითხვებზე უნდა არსებობდეს პასუხები, რათა განჭვრეტადი იყოს მცირე მეწარმისთვის, მსხვილისთვის, საით მივდივართ - რა ოდენობის თანხა დააკლდება ბიუჯეტს გადასახადების ნაწილში და როგორ ვაპირებთ ამ გადასახადების აღდგენას, რა ვადაში. მეორე ნაწილია - ბიუჯეტს, რომელსაც გადასახადების ნაწლში თანხები აკლდება, რა ხდება ხარჯვის მიმართულებით - ისევ ისე ვაგრძელებთ ხარჯვის პოლიტიკას?! ჩემი აზრით - არავითარ შემთხვევაში, მეტიც, ვფიქრობ, არათუ ქამრები უნდა შემოიჭიროს მთავრობამ, არამედ ახალი შარვალი უნდა შეიკეროს, შედარებით მცირე ზომის. ზუსტად აქ უნდა ანახოს ლიდერობა ხელისუფლებამ, რომ თვითონ დაიკლოს ყველაზე მეტი; როდესაც ადამიანებს, მოსახლეობას ასე მნიშვნელოვნად დაეტყობა კრიზისი, პირველი, ვინც უნდა იყოს მაგალითი, ეს მთავრობაა, მისი თითოეული წევრი, თითოეული საჯარო მოხელე“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.