მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკის თაოსნობით, საბანკო სექტორმა უნდა წარადგინოს გეგმა

5ea7055c69b02
თელარა გელანტია
27.04.20 20:34
2848
„მომეცით უფლება ეროვნული ბანკი არ შევაფასო კონკრეტული ქმედებების დონეზე”, - ასეთია სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პოზიცია როცა საქმე ცენტრალური ბანკის პოლიტიკას და რეგულაციებს ეხება, თუმცა Bm.ge-ისთან ვრცელ ინტერვიუში მან სებ-სა და საბანკო სექტორზე რამდენიმე კითხვას მაინც უპასუხა. ასევე, ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაფართოების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებაზე სებ-ს ძალისხმევა უნდა ჩავუთვალოთ.

„ძალიან სწრაფად მოხდა ამ პროგრამის შემუშავება და ჩვენ გაგვიმართლა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, მათ შორის სებ-ში, ფინანსთა სამინისტროში, ვისაც 2008, 2009, 2010 წლებში დონორებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. ეს პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და იმედია, ვიყენებთ კიდეც”, - ამბობს ქადაგიძე.


- როგორც სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, როგორ აღწერდით ეროვნული ბანკის წინაშე მდგარ გამოწვევებს - რამდენად ბევრი და დიდი დილემაა სებ-ის წინაშე დღეს?

- საქართველოს ეროვნულ ბანკს ორი მთავარი ფუნქცია აქვს. პირველი - ფასების სტაბილურობა და მეორე - ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა და საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად არის კაპიტალიზირებული და კარგი ლიკვიდობა აქვს, მაგრამ ჩვენ უკვე გამოვედით განვითარების იმ ეტაპიდან, როცა ვსაუბრობდით, რომ ბანკებს არაფერი ემუქრება… ეს უკვე საკმარისი არაა. საბანკო სექტორი უნდა იყოს ლოკომოტივი დანარჩენი ეკონომიკისთვის. ამდენად, დღეს არათუ საკმარისი არაა იმაზე საუბარი, რომ საბანკო სექტორს არაფერი ემუქრება, არამედ საბანკო სექტორმა, ეროვნული ბანკის თაოსნობით, უნდა წარადგინოს გეგმა; მაგალითად, როგორ აფინანსებს მსხვილ და საშუალო მეწარმეებს, რა ეფექტი ექნება პანდემიას იგივე სამშენებლო სექტორის დაკრედიტებაზე, იგივე იპოთეკის ნაწილზე, როგორი იქნება ბანკების პოლიტიკა სხვადასხვა სექტორებთან მიმართებაში. ამიტომ მხოლოდ ის, რომ ვთქვათ - საბანკო სექტორს არ აქვს პრობლემები, საკმარისი არაა. არათუ საკმარისი არაა, არამედ საფინანსო სექტორისგან უნდა გვესმოდეს მკაფიო ხედვა, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ათეულობით მილიარდიან ინდუსტრიაზე; საბანკო სექტორი უკვე არის დიდი, ის არაა განვითარების საწყის ეტაპზე.

სამწუხაროა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები არაა ისე განვითარებული როგორც - საბანკო და ეს იწვევს ხოლმე ბანკების დემონიზაციას, მაგრამ საბანკო სექტორს უნდა ესმოდეს, რომ ეს დემონიზაცია გაგრძელდება და მათ განსაკუთრებული როლი აქვთ ამ პროცესში და ეს როლი უნდა ანახონ. კომერციული ბანკებისთვის არის დრო, რომ როგორც სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ასევე, ხედვის თვალსაზრისით, თავისი როლი ითამაშონ საქართველოს ეკონომიკის ამოქოქვაში, რაც შეიძლება სწრაფად.

- და სად და რა არის მარეგულირებლის როლი?

- მარეგულირებელსაც აქვს თავისი როლი. რა თქმა უნდა, რთული გამოსაყოფია ამ ნაწილში სებ-ს მნიშვნელოვანი როლი აქვს. რა თქმა უნდა, მონეტარული სტაბილურობა უნდა იყოს შენარჩუნებული. რა თქმა უნდა , ჩვენმა საგადამხდელო ბალანსმა შოკი მიიღო და ეს შოკი უნდა იყოს დაკომპენსირებული. სავალუტო რეზერვების ნაწილში უნდა იყოს ძალიან მკაფიო გამჭვირვალობა მიღწეული. საერთო ჯამში, ყველა ერთ ნავში ვართ. აქ არ არსებობს ჩემი და შენი და ესეც გაგრძელდება.

- თქვენ ახსენეთ, რომ რომ საბანკო სექტორი უნდა იყოს ლოკომოტივი... რომ საბანკო სექტორმა უნდა წარმოადგინოს გეგმა და ა.შ. მაგრამ ბანკები იმასაც ამბობენ, რომ მათაც სჭირდება დახმარება - ვგულისხმობ ლარის რესურსის მიწოდებას, რათა დააკრედიტონ ეკონომიკა...

- მე მაქვს მარტივი მოსაზრება ამასთან დაკაშირებით - საბანკო სექტორს, ისევე როგორც მსხვილ ბიზნესს არასდროს არ აკლდა ლობისტები ხელისუფლებაში. არცერთი ხელისუფლების დროს, არც საბანკო სექტორს და არც მსხვილ ბიზნესს არ უჭირდა მთავრობასთან საკუთარი ინტერესების ლობირება.

- და გატანაც?

- მათ შორის გატანაც, ვისაც ეს უჭირდა და უჭირს არის მცირე და საშულო ბიზნესი, ვისი ხმაც არ ისმის. გაცილებით მტკივნეულია იმ ბიზნესის გაკოტრება, რომლის უკანაც არის იპოთეკით დატვირთული მფლობელის სახლი, რადგან მისთვის გაკოტრება არა - არასწორი გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს, არამედ პირადი ქონების დაკარგვას და პირად პასუხისმგებლობას. მისთვის ეს გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც შარშან ჰქონდა 500 მლნ მოგება, წელს ექნება 500 მლნ-ის ზარალი და მომავალ წელს ისევ 500 მლნ-ის მოგება, ამიტომ თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვის სჭირდება დახმარება, ის პირველ რიგში სჭირდება მცირე და საშულო ბიზნესს, ადამიანებს, ვინც დაკარგა სამსახური, ხოლო მსხვილ ბიზნესს სჭირდება პარტნირობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს როგორც საბანკო სექტორს, ასევე, ყველა სხვა სექტორს, რომელიც ხშირად გვევლინება ხოლმე ბიზნესის სახედ, ყველაზე უფრო ნაკლებად შეიძლება დაეტყოთ ის კრიზისი, რისი მომსწრეც ვართ.

- თქვენ ამბობთ, რომ კომერციულ ბანკებს თუ სჭირდებათ ლარის რესურსი, ისინი მოითხოვენ და მიიღებენ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ ამის შესახებ. მივლენ, გაიმართება საჭიროების შემთხვევაში კვირაში ათობით შეხვედრა...

- თქვენი პრეზიდენტობის დროსაც ასე იყო?

- რა თქმა უნდა, ასე იყო სანამ მე ვიყავი ამ პროცესებში ჩართული და ასე იქნება ყოველთვის; მსხვილ ბიზესს აქვს საკმარისი ლობისტური პოტენციალი, შესაძლებლობაც და არასდროს, ერთეული გამონაკლისების გარდა, არ უჭირდა ხელისუფლებებთან ურთიერთობა, არც - საქართველოში და არც ახლა. ვიმეორებ, ვისაც უჭირს მთავრობებთან ურთიერთობა ესაა წვრილი და საშუალო ბიზნესი და მანდაა ყველაზე მეტი გამოწვევები.