05.აპრილი .2020 23:58

გიორგი ქადაგიძე: გაჩნდა უზარმაზარი ნიშა, სადაც საქართველოს აქვს შანსი

views 12223
უკან

“ჩვენ უნდა დავუკაკუნოთ ყველა ბიზნესს სათითაოდ - დაწყებული დიდი, გიგანტური კომპანიებიდან, დამთავრებული უბრალოდ მდიდარი ადამიანებით. ყველა მათგანი თავიდან იაზრებს უსფართხოების იმ წესს, რომლითაც ის აქამდე ცხოვრობდა და ჩემი აზრით, ზუსტად აქაა ჩვენი ადგილი“, - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ წამყვანის კითხვას, რომელიც პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს და აუცილებელ სტრატეგიას შეეხებოდა.

გიორგი ქადაგიძეს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ახლა არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ თავისი ნიშა იპოვოს.
„მე მჯერა, რომ საქართველოს დღეს აქვს მომენტუმი; როდის შეიძლებოდა, რომ საქართველო პოზიციონირებულიყო მსოფლიოში, როგორც ვირუსთან გამკლავების წარმატებული ქვეყანა ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორც არის ავსტრია, ისლანდია, კანადა, ამიტომ თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეპიდემიას და ამ გამოწვევას შევხვდებით, როგორც ქვეყანა, რომელმაც მინიმალური დანაკარგებით შეძლო გაევლო ეს პროცესი, რომელმაც აჩვენა თვითორგანიზების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, და ამავე დროს, მკაფიო ხედვის მქონე, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში ჩვენ ვთავზობთ დაბალ გადასახადებს, დაბალ რეგულაციებს და ა.შ. და ა.შ. ნამდვილად გაჩნდა უზარმაზარი ნიშა, სადაც საქართველოსნაირ ქვეყანას აქვს ყველა შანსი“, - განაცხადა ქადაგიძემ.

წამყვანის კითხვაზე - არსებულ პირობებში, საიდან უნდა მოიძიონ ქართულმა კომპანიებმა ფინანსური რესურსი, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ მოკლე ვადაში დაფინანსების წყარო - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებია, ხოლო გრძელ ვადაში ჩვენ ყველა ინვესტორის და მდიდარი სახელმწიფოს კარებზე უნდა „დავაკაკუნოთ“.

„დღეს უკვე უზარმაზარი კომპანიები, ინვესტორები და სახელმწიფოები ფიქრობენ და იაზრებენ, რა არის მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოება და მარტივად ჩანს, რომ ამ ვირუსის კვალდაკვალ უსაფრთხოება, როგორც დასავლეთს ეს ესმოდა, დღეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. შეიძლება გყავდეს საკუთარი გემი, ვერტმფრენი, მაგრამ გჭირდება ქვეყანა, სადაც არის წესრიგი, დაცულია საზღვრები, სადაც არ ხდება ისეთი შემთხვევების დაშვება, რაც ვიხილეთ ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ ამის პრეზენტირება უნდა გავაკეთოთ; ჩვენ უნდა დავუკაკუნოთ ყველა ამ ბიზნესს სათითაოდ - დაწყებული დიდი, გიგანტური კომპანიებიდან, დამთავრებული უბრალოდ მდიდარი ადამიანებით. ყველა მათგანი თავიდან იაზრებს უსფართხოების იმ წესს, რომლითაც ის აქამდე ცხოვრობდა და ჩემი აზრით, ზუსტად აქაა ჩვენი ადგილი“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა