05.აპრილი .2020 22:20

გიორგი ქადაგიძე: საქართველო პანდემიას საკმაოდ კარგი სასტარტო პოზიციებით ხვდება

views 8346
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით კარგად პოზიციონირებს.

ამის შესახებ ქადაგიძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ კორონავირუსსა და მის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პანდემია უკვე შემდგარი ფაქტი და, რა თქმა უნდა, მას ექნება დიდი გავლენა განსაკუთრებით განვითარებული ქვეყენების ეკონომიკებზე.

„ასეთი დიდი პანდემიის შემდეგ, როგორც ყოველთვის, ჩვენ მომსწრე ვიქნებით მნიშვნელოვანი წესრიგის ცვლილების. კრიზისს ეყოლება თავისი გამარჯვებულები და დამარცხებულები და აღმოჩნდა ისე, რომ საქართველო დღევანდელი მდგომარეობით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით კარგად პოზიციონირებს მიუხედავად იმ სამწუხარო ფაქტისა, რომ გვყავს ვირუსისგან ორი გარდაცვლილი;

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა ხოლმე, ის ჩვენი დიდი უპირატესობა აღმოჩნდა - ეს არის სიმცირე ქვეყნის, სადაც შესაძლებელია თვითიზოლაცია და მკაცრი წესების მარტივად გატარება, ესაა დაბალი ურბანიზაცია, როდესაც საქართველოში სოფლად ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ეს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ზოგადად, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენი უპირატესობაა, რადგან სოციალური მობილობა სოფლად გაცილებით ნაკლებია. სამედიცინო პერსონალიც ჩვენ გვყავს ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი, ვიდრე საშუალო ამერიკული და ევროპული მაჩვენებელია.

ერთი სიტყვით, ამ პანდემიას და ამ ცუდ ამბავს, რომელიც მსოფლიოს თავს დაატყდა, საქართველო საკმაოდ კარგი სასტარტო პოზიციებით ხვდება და ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან დავსხდეთ, ჩამოვყაროთ ყურები და ვუყუროთ, რას მოიმოქმედებს დანარჩენი მსოფლიო ან ვეცადოთ, გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, შევხედოთ მას როგორც გამოწვევას და გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.