მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: თუ გვინდა ვიცოდეთ, რა სჭირს ლარს, უნდა გვესმოდეს, რა სჭირს ეკონომიკას

5ea710154aebe
თელარა გელანტია
27.04.20 18:08
1636
„ლარზე არ უნდა გავბრაზდეთ“, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ bm.ge-ისთან ინტერვიუში კითხვას - „რა სჭირს ლარს?“.

გიორგი ქადაგიძე, როგორც წლების წინ, ისე ახლაც ფიქრობს, რომ ლარი ეკონომიკის სარკეა.

„ლარზე არ უნდა გავბრაზდეთ. უნდა გავბრაზდეთ იმაზე, რასაც ვხედავთ სარკეში. თუ მაინც და მაინც გასაბრაზებელია და არ მოგვწონს. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა სჭირს ლარს, უნდა გვესმოდეს, რა სჭირს ეკონომიკას და გამოვასწოროთ ფუნდამენტური მიზეზები; მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ვხედავთ, რომ ნამდვილად არაა სახარბიელო მდგომარეობაში“, - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ აუცილებელია, მთავრობას გააჩნდეს მკაფიო ეკონომიკური ხედვა და ტემპი გადაწყვეტილებების მიღებისას.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა. 

„როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს. ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს“, - აცხადებენ სებ-ში.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლარის, ისე ევროს მიმართ გაუფასურდა და ხვალისთვის 1 დოლარის ოფიციალური კურსი - 3.2044 ლარით, ხოლო 1 ევროს კი - 3.4790 ლარით განისაზღვრა.