მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: ვიღაცა უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ინვესტიციები მცირდება

5ead9a702b58d
თელარა გელანტია
03.05.20 14:00
1446
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, „ვიღაცა უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ინვესტიციები მცირდება“. ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა. „მნიშვნელოვანია, მკაფიო ხედვა - სად მივდივართ, როგორ მივდივართ“, - ამბობს ქადაგიძე.

- რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომლის გამოყენება ახლავე შეგვიძლია იგივე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან იყო წლები, როცა გზავნილები - დაბალი გადასახადები, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივე და ა.შ. „მუშაობდა“, მაგრამ ესენი თანდათან დაძველდა არც ახალი დაემატა… სასამართლო სისტემა მაშინაც პრობლემა იყო და ახლაც, ამიტომ დღეს რა გზავნილებით შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტორები?

- მოვიშველიებ გამონათქვამს, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად მარგარეტ ტეტჩერს მიაწერენ - დოვლათის შექმნის და ქვეყნების განვითარების ერთადერთი წყაროა განათლებული და თავისუფალი ადამიანი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, მეტი თავისუფლება, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო, როცა ავტოკრატიული რეჟიმები, ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმები ან „მინდა ვიყო ავტოკრატული რეჟიმები“ შეეცადნენ თავისი ძალაუფლების გაზრდას და აქ ყველაზე უფრო მნიშვნელვანია, რომ ჩვენ გავყიდოთ მეტი თავისუფლება და თავისუფლებისკენ ვიაროთ და მეორე, რა თქმა უნდა, ესაა, მენეჯმენტი, ესაა ხედვის არსებობა, მკაფიო ხედვა - სად მივდივართ, როგორ მივდივართ და დავარწმუნოთ, რა თქმა უნდა, დანარჩენი მსოფლიო და ის ადამიანები, ვისაც დედამიწის ეს ნაწილი აინტერესებს, რომ საქართველო ნამდვილადაა ის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სამეზობლოში, რომელიც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდა კრიზისს ბევრი მიზეზის გამო - მანამდე რაც ჩვენი უარყოფითი მხარე და გამოწვევა იყო, კრიზისის დროს მოგვევლინა უპირატესობად, ესაა დაბალი ურბანიზაცია, ეკონომიკის დაბალი ინტეგრაცია და ა.შ.

- თქვენი აზრით, ჩვენს მთავრობას აქვს ასეთი ხედვა ან რესურსი, რომ ასეთი ხედვა დადოს, თან 2020 წელს?

- ჩემი აზრით, დღეს ეს ხედვა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ხედვას ვერ ვხედავ და მიზანი ამ ინტერვიუსიც მათ შორის ის არის, რომ ჩვენი ხედვები, აზრები, თუკი ვინმეს რამე რესურსი გაგვაჩნია, შევთავზოთ, რომ ამ რესურსის გამოყენება მოხდეს.

- ინვესტიციების მოზიდვაზე მინდა ჩაგეკითხოთ, მხოლოდ მთავრობის წევრების სიარული საკმარისია უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად? ბოლო წლებში FDI-ის ძირითადად კლებადი ტენდენცია ჰქონდა.

- ინვესტიციების მხრივ გვაქვს რთული სურათი. რთული სურათი იყო მანამდეც, სანამ ეს პერიოდი დაიწყებოდა და ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს რაოდენობრივი პარამეტრები - ვიღაცა უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ინვესტიციები მცირდება; ვიღაცას ეს უნდა ევალებოდეს და ეს აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკური პროფილის უწყებები და პირველი პირები, ვისი პირადი პასუხისმგებლობაც არის ქვეყანაში ინვესტციციების მოზიდვა...

- მათი პასუხია ხოლმე, რომ ყველაზე მსხვილი BP-ის პროექტი მორჩა....

- ერთადერთი პასუხი არსებობს - ადამიანებს ან შეუძლიათ გაუძღვნენ საქმეს, რაც ავალიათ და დადონ შედეგი ან არ შეუძლიათ, დანარჩენი ყველაფერი არის ბლა ბლა ბლა...