მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია - "რამ ჩააწერინათ ანაკლიის პროექტი კონსტიტუციაში?"

5e188a916794b
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
10.01.20 18:43
3345
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია BMG-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი “არ ვარგა.” ქობულიას განცხადებით, თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას ჰქონდა სურვილი პოლიტიკური ქულების დასაწერად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი გაეკეთებინა, ანაკლიის პროექტის იდეა კი “ემოციური სურვილით” გაჩნდა. ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ მისი შეფასებით, ანაკლიის პროექტი “არ ვარგა” და ის არარენტაბელურია, რადგანაც მის შესანახად საკმარისი ტვირთები საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში არ გადის.

ქობულიას თქმით, ის მთავრობისგან ელოდა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც 2020 წლის 9 იანვარს გახმოვანდა ანუ ხელშეკრულების გაწყვეტას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.

McKinsey-ის რუსეთის ოფისის ყოფილი პარტნიორი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დღეს პროექტის მომავლის შესახებ ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს - ერთია ის, რომ გამოცხადდება ტენდერი იგივე პირობებით, როგორც წარსულში გამოცხადდა და მასში კომერციული დაინტერესების არარსებობის გამო არცერთი ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას. ხოლო, მეორე ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო შეცვლის ტენდერის პირობებს, დათანხმდება გარანტიების გაცემას რა დროსაც ტენდერში მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენები წარადგენენ განცხადს და ანაკლია მათ გადაეცემათ - თუმცა ამ უკანასკნელს გიორგი ქობულია უფრო ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს.

ამასთანავე, დღეს გიორგი ქობულია ამბობს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ანაკლიის პროექტის კომერციული პოტენციალის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, სწორედ ამიტომ მოითხოვეს მათ სახელმწიფოსგან გარანტიები. ქობულია იხსენებს შეხვედრას EBRD-ის წარმომადგენელ ბრუნო ბალვანერასთან, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქობულიას თქმით, განუცხადა, რომ მათი საინვესტიციო ბანკი პროექტში ფულს მხოლოდ სახელმწიფო გარანტიების არსებობის შემთხვევაში ჩადებდა.

ქობულიას თქმით, სახელმწიფო თავის დროზე ანაკლიის მეშვეობით საკუთარი თავის პოპულარიზაციას ცდილობდა, განახლებულ კონსტიტუციაში მისი მოხსენიებაც სწორედ ამას ემსახურებოდა, თუმცა ამჟამად ოცნების წარმომადგენლები ვერ იტყვიან, რომ პროექტი პოპულიზმს ემსახურებოდა. 

"რა თქმა უნდა, გუნდს დაარტყამს ეს [თქმა, რომ პროექტი არ იყო კომერციულად გათვლილი], დაარტყამს პარტიის ხელმძღვანელს. რეალურად თუ ასეა, ამ პროექტთან დაკავშირებით, ხალხი არ იტყვის, რომ “რამ ჩააწერინა მაშინ გიორგი კვირიკაშვილს ეს კონსტიტუციაში?” 

ამონარიდი გიორგი ქობულიას ინტერვიუდან:

 

- თქვენ როდესაც მინისტრთა კაბინეტის წევრი იყავით და ამ ყველაფერს(რომ არ ვარგოდა ანაკლიის პორტის პროექტი) ამბობდით , რას გეუბნებოდნენ, რას გპასუხობდნენ თქვენი კოლეგები ამის შესახებ? 

რას მპასუხობდნენ და ამბობდნენ, “რომ დიახ, გვესმის და გეთანხმებით, მაგრამ ამას საჯაროდ ხომ ვერ ვიტყვით?”.

რა თქმა უნდა ამბობდნენ, რომ ეს პროტესტს გამოიწვევდა, პროექტი კონსტიტუციაში არის ჩადებული. რატომ? რადგან მათი გუნდის წევრი არ იყო ის კაცი? ვინც ეს ჩაწერა კონსტიტუციაში? 

- გიორგი კვირიკაშვილს გულისხმობთ? 

რა თქმა უნდა, გუნდს დაარტყამს ეს, დაარტყამს პარტიის ხელმძღვანელს. რეალურად თუ ასეა, ამ პროექტთან დაკავშირებით, ხალხი არ იტყვის, რომ “რამ ჩააწერინა მაშინ გიორგი კვირიკაშვილს ეს კონსტიტუციაში?” 

- რატომ ჩაიწერა მაშინ, თქვენი აზრით? 

- რატომ ქნეს? მე მგონია, რომ ბოლომდე კიდევ გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო, ისევე, როგორც დიდი ნაწილი გადაწყვეტილებების, ბოლომდე გააზრებული არ არის. ნუ იყო ამბიციური განწყობა “მოდი დიდი პროექტი გავაკეთოთ”, აი ასეთ ემოციურ დონეზე, რომ ეს კარგია, გავაკეთებთ ამას და იქ გემი შემოვა. 

სტილი დაცულია