მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: რეალური პრემიერი სახლში ზის და არავინ იცის, რას ფიქრობს

5fedae087f5e5
თელარა გელანტია
31.12.20 15:20
2446
„საქართველოს რეალური პრემიერ-მინისტრი <ბიძინა ივანიშვილი> სახლში ზის და არავინ იცის, რას აკეთებს და რას ფიქრობს“, - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის წლის შემაჯამებელ კითხვას - როგორი მოლოდინები აქვს 2021 წელს და რამდენად შესწევს საქართველოს მოქმედ მთავრობას პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებს და ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პროგნოზით, მომავალი წელი მძიმე იქნება, რადგან ქვეყანა 2021 წელს „დახურული ეკონომიკით“ იწყებს. მისი შეფასებით, საქართველო, ძირითადად, ინერციით მიდის, რადგან სისტემური ცვლილებების ნება არაა, ფორმალური პრემიერი კი, დისფუნქციურია. ამიტომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი წევრი თანაგუნდელებისთვის რჩევის მიცემის აზრსაც ნაკლებად ხედავს.

„სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს, მაგრამ ამისთვის ცოტა სხვა მენტალობაა საჭირო. იმ მენტალობით, რომლითაც დღეს მუშაობენ, რთული იქნება სისტემური ცვლილებების განხორციელება. ეგ არის და ეგ. კონკრეტული რჩევების მიცემას, რომ ეს პროექტი გააკეთონ ან - ის, აზრი არ აქვს. სისტემური ხედვა ნამდვილად არის პრობლემა, მაგრამ მთავარი კითხვაა - ვისი ხედვა უნდა იყოს? პრემიერი მინისტრთა კაბინეტს ბოლომდე ვერ აკონტროლებს. თითოეულ მინისტრს თავისი ხედვა აქვს და რაღაცას აკეთებს. რეალური პრემიერ-მინისტრი კი, მთელი დღე სახლში ზის და რას აკეთებს ან რას ფიქრობს, არავინ იცის.

ამ დროს ფორმალური პრემიერი და მინისტრები ნახევრად იმას ფიქრობენ რა გააკეთონ კარგი და ნახევრად იმას, თუ რა მოეწონება რეალურ პრემიერ-მინისტრს, მას <ბიძინა ივანიშვილს> კი, დღეს ერთი მოსწონს, ხვალ როცა გაიღვიძებს - სხვა. ასეთ ვითარებაში რა სისტემურ რეფორმაზე უნდა იყოს საუბარი? ან ვის უნდა მისცე რჩევა? მთავრობა ვინ არის? მთავრობა არის ბატონი ბიძინა და ის ზის სახლში. თითოეული მინისტრი თავის ქვაბში იხარშება, პრემიერი ცდილობს რაღაც აკეთოს, მაგრამ დისფუნქციურია, რაც კეთდება კიდევ კარგად კეთდება, ინერციით. შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო“, - ამბობს ქობულია.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ოპოზიციასაც აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მესამე ვადით დარჩენა, ოპოზიციის სისუსტითაც აიხსნება.

„ისეთმა პარტიებმა მიიღეს ხმები, რომლებიც არც კი ელოდნენ; კი წარადგინეს ქარიზმატული ლიდერები, მაგრამ არ ჰქონდათ ისეთი სტრატეგიული ხედვები, რის გამოც ამომრჩეველი ხმას მისცემდა. ამიტომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ეს პარტია სწორედ ოპოზიციამ გააძლიერა თავისი სუსტი ქმედებებით. ახლა ის ისეთი ძლიერია, რომ რჩევის მიცემაც შეუძლებელია, აზრი არ აქვს, რადგან როცა ადამიანი ძლიერად გრძნობს თავს, ის მზად არ არის, რომ რჩევა მიიღოს. ჩვენთვის პრობლემა არის არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ სუსტი ოპოზიცია. ისინი პარლამენტში აუცილებლად უნდა შესულიყვნენ. ვხედავთ ვითარებას, რომ 60 ოპოზიციონერი დეპუტატი ჯიუტად აცხადებს, რომ არ შევლენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რადგან არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამას ვერც ამტკიცებენ“, “, - უთხრა bm.ge-ს გიორგი ქობულიამ.