მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: საერთაშორისო პარტნიორებისგან კრედიტები მაქსიმალურად უნდა ავიღოთ

5fc7a3d63b7ed
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 18:33
997
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს მთავრობას ურჩევს, ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ცალკეული სექტორების შენარჩუნებისთვის საერთაშორისო პარტნიორებისგან დამატებითი სესხი აიღოს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

როგორც გიორგი ქობულია ამბობს, ეს დღეისთვის ერთადერთი გამოსავალია, რადგან დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო ბიუჯეტში თანხები არ შედის, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტს გარკვეული რესურსი გააჩნია და "უძირო" არ არის იმისთვის, რომ სხვადასხვა მხარდაჭერის პაკეტები დააფინანსოს.

„დღეს უნდა შევეცადოთ, გადავლახოთ 6-7 რთული თვე ისე, რომ ჩვენი ეკონომიკა, ბიზნესები და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გვჭირდება, სწრაფად აღვადგინოთ და არ გაკოტრდეს. მაგალითად, საუბარია ტურიზმზე; თუ წარმოვიდგენთ, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით კარგი სცენარი განვითარდება, ზაფხულში შესაძლებელი იქნება ტურისტების ნაკადი მივიღოთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ; ტურისტულმა კომპანიებმა  იქამდე მიღწევა უნდა შეძლონ. ეს არის მთავრობის ამოცანა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამდენად, არ უნდა დავზოგოთ არანაირი რესურსი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისგან მაქსიმალურად უნდა ავიღოთ კრედიტი, რადგან ვიცით, რომ ბიუჯეტი არ არის უძირო და არც მისი შევსება ხდება, როდესაც ეკონომიკური აქტივობა დაბალია. ყველას გვესმის, რომ ბიუჯეტში ფული ბიზნესს შეაქვს და თუ არც მაღაზია მუშაობს და ა.შ. ბიუჯეტში შემოდინება ძალიან დაბალია, ამიტომ ჩვენი ერთადერთი იმედი საერთაშორისო პარტნიორებისგან სესხის აღებაა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კითხვაზე - წარმოადგენს თუ არა პრობლემას ის, რომ საქართველო სახელმწიფო ვალის კუთხით მშპ-ის 60%-იან ზღვრულ ნიშნულს მიუახლოვდა და 2021 წელს გადასცდება კიდეც, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ - არა.

„ამ მომენტში ეს ნაკლებად კრიტიკულია, ვიდრე ჩვენი ბიზნესების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება იმ მომენტამდე, სანამ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა არ დაიწყება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - თუ ამ ბიზნესებს არ შევინარჩუნებთ და არ მოვამზადებთ, როგორც კი გაიხსნება ტურისტული სეზონები, ტურისტული სექტორის ტოტალური კოლაფსი გვექნება, რაც შემდგომში რეპუტაციულად ძალიან მაგრად დაგვარტყამს, თუ არ ვიქნებით მზად, ამიტომ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი. ჩვენი პარტნიორები მზად არიან, რომ დაგვეხმარონ. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, არ გვჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის ეს არის საკმაოდ შესაძლებელი ამოცანა, რომ საქართველოს ხელი გაუწოდონ და ეს დახმარება ამ მომენტში უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.