მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი რუხაძე: ევროკავშირმა „კბილები“ გამოაჩინა, თუ არ ათხოვებენ ყურს, კიდევ უფრო „დიდ კბილებს“ გამოაჩენს

606728707e586
ინგა მურუსიძე
02.04.21 21:10
920
პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო ევროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. საუბარია ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს და რომლის მოცულობაც 60 მილიონი ევროა. ევროპარლამენტარების შესაბამისი წერილი ევროპარლამენტის ვებპორტალზე გამოქვეყნდა. წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით. წერილის თანახმად, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაგრამ მმართველ პარტიას - განსაკუთრებით.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე ფიქრობს, რომ გარდა ფინანსური შეზღუდვისა, რაც ცოტა არ არის, ესაა სიგნალი, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ასე ვეღარ გაგრძელდება.

გიორგი რუხაძის შეფასებით, სასწორზე დევს ბევრად მეტი, ვიდრე კონკრეტული ტრანსფერი, ან თანხა და ეს არის ნდობა.

„ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ ენდობა და თუ ჩვენი მთავრობა ვითარების გამოსწორებას, ან ევროკაშირის გზავნილების გათვალისწინებას ვერ მოახერხებს, მივიღებთ ბევრად მეტ ნაბიჯს ევროკავშირისგან და ეს იქნება მეტი, ვიდრე ერთი კონკრეტული ტრანშის შეჩერება. ჩვენ ევროკავშირთან დაკავშირებული ვართ ასოცირების ხელშეკრულებით და ის მივიღეთ კონკრეტული დამსახურებებით. თუ ეს დამსახურებები გაქრა, გაქრება ასოცირების ხელშეკრულებაც“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მისივე შეფასებით, ევროკავშირს აწუხებს, რომ საქართველოში არის ერთპარტიული პარლამენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. რუხაძის თქმით, თუ ამ საკითხებზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება, შემდეგი სავარაუდო ნაბიჯი ევროკავშირისგან იქნება ის, რომ პრობლემის გადაჭრისთვის ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი.

„კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ეს უნდა გააკეთოს, ხოლო თუ არ გააკეთებს, ქვეყანა მიიღებს სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს და ბოლო წერტილი იქნება ასოცირების შეთანხმების შეწყვეტა. ჯერ წერილიდან რეზოლუციამდე შორია. ევროკავშირმა „კბილები“ გამოაჩინა, თუ აქაც არ ათხოვებენ ყურს, მერე კიდევ უფრო „დიდ კბილებს“ გამოაჩენს“, - ამბობს რუხაძე.

ის მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების წერილი მოთხოვნების წაყენება/პირობებით საუბრის დასაწყისია.

„ამის სიგნალი არის ჯორჯ კენტის განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ეუბნება, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორმხრივ მხარდაჭერას ბოროტად ცდიან. საქართველო ისრაელის შემდეგ აშშ-დან ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დახმარების მიმღები სახელმწიფოა. ეს ძალიან ხელგაშლილი დამოკიდებულებაა შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, მაგრამ ყველა დოლარს ითვლიან და ტყუილად ფულს არავის აძლევენ“, - აღნიშნა რუხაძემ.

კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს, დიპლომატი პასუხობს, რომ ხელისუფლებაზე წნეხი უნდა გაიზარდოს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, „ვიხილავთ დათმობას“.