მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი შაგიძე: „მოლდოვაში კადრების პოვნა უფრო ძნელია, ვიდრე საქართველოში“

621224af2dcbe
სალომე ჭიპაშვილი
20.02.22 20:00
3143
„მოლდოვაში კადრების პოვნა უფრო ძნელია, ვიდრე საქართველოში“, - ამის შესახებ გადაცემაში „წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ“ მოლდოვური ბანკის MAIB-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ განაცხადა.

„რუმინეთის ფაქტორის გამო ადამიანები ძალიან ადვილად ტოვებენ ქვეყანას. როგორც კი დაამთავრებენ უნივერსიტეტს სტუდენტები, მიდიან რუმინეთში და შემდგომ რუმინული პასპორტით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ მუშაობა. ამიტომაც კადრების პოვნა მნიშვნელოვნად უფრო ძნელია მოლდოვაში, ვიდრე საქართველოში", - განაცხადა გიორგი შაგიძემ.

მისივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად MAIB-იმ უკრაინის პოტენციალის გამოყენება და ბელარუსის ბაზრისკენ ყურება დაიწყო.

ცნობისთვის, MAIB-ის მნიშვნელოვანი წილი სოფლის მეურნეობას უკავშირდება. ზოგადად მოლდოვის ეკონომიკის ძირითადი ნაწილიც სოფლის მეურნეობაზეა აგებული, რაშიც შაგიძის თქმით, ქვეყანას ევროპასთან სიახლოვეც ხელს უწყობს.

„ძირითადად მოლდოვის საექსპორტო ქვეყნებს ევროპული ქვეყნები წარმოადგენენ. ამ ქვეყანაში ისეთ პროდუქციებს აწარმოებენ, როგორსაც თურქეთი და ძალიან რთულია ამ უკანასკნელთან კონკურენცია, მაგრამ ევროპასთან სიახლოვის გამო მოლდოვა ზოგ მიმართულებაზე უგებს კიდეც", - აღნიშნა გიორგი შაგიძემ.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში ბაზრის წილის 35% MAIB-ის უკავია, თუმცა მაინც არ არის ერთადერთი სისტემური ბანკი. ის ყოველთვის უფრო უკეთ იყო წარმოდგენილი კორპორაციულ სეგმენტზე.

MAIB-ს ამჟამად 3,500-ზე მეტი აქციონერი ჰყავს, მათ შორის არიან EBRD-ი, საინვესტიციო ფონდები: Horizon Capital-ი და Invalda INVL-ი.