27.სექტემბერი .2019 18:55

გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ "სიტროენ ჯორჯიასთან" დაკავშირებით დავა ამ დრომდე გრძელდება

views 198
უკან

შპს "სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით 2017 წელს დაწყებული დავები ამ დრომდე გრძელდება. შარაშიძის თქმით, მისი კომპანია პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს და ის მხოლოდ სასამართლო დავებში არის წარმოდგენილი.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ავტომობილების შესყიდვის ტენდერებში კარტელური გარიგებები მოქმედებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს წლიურად მილიონობით ლარის ზარალს აყენებს. შარაშიძე მიუთითებს, რომ მათ მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დროს სპორტის მინისტრის პოსტს ტარეილ ხეჩიკაშვილი იკავებდა, რომლის კომპანიებიც არაერთ შესყიდვაში მონაწილეობდნენ.

"მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაერია და განცხადება გააკეთა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ თუ რაიმე დამტკიცდებოდა, ის გადადგებოდა და ბოდიშის მოხდაც კი გვთხოვა ჩვენ. კვირიკაშვილმა კონკურენციის სააგენტოს ფაქტობრივად დაავალა, რომ მიღებულიყო ისეთი გადაწყვეტილება, რაც მას უნდოდა. "სიტროენი" აიაფებდა ბაზარს, რითიც ანგრევდა კარტელს, რადგანაც ყველაზე დაბალი ფასით შედიოდა ბაზარზე.

სწორედ ამ კონკრეტულ თემაზე, რომელზეც ჩვენ ვდაობთ, კარტელის გამო, სახელმწიფო კარგავს ათეულობით მილიონ ლარს. ეს კარტელი მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობიდან და "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადმოიბარა. დღეს უხეში ჩარევის გარეშე ამ კარტელის დაშლა გამორიცხულია.

დღეს ვართ პოლიტიკური ნების იმედად, რომ ჩაიხედონ და დაინტერესდნენ, თუ რამხელა დანაკარგს ღებულობს კონკრეტული კომპანია და ქვეყანა იმით, რომ ავტომობილების შესყიდვების სფეროში არის კარტელური გარიგებები. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია არის მოქმედი მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ ის დავობს, როგორც კონკურენციის სააგენტოსთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან", - ამბობს შარაშიძე.

გიორგი შარაშიძის განცხადებით, ფრანგული ავტომწარმოებლის ბრენდი სხვა კომპანიამ "მიითვისა". 2017 წლის დეკემბერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, "სიტროენ ჯორჯია" ფრანგული ავტომწარმოებლის ოფიციალური დილერი არასდროს ყოფილა.

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი შარაშიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, "სიტროენის" ოფიციალური დილერი მის მიერ დაარსებული შპს "კონსტრაქტ ვიჟენი" იყო, რომელსაც დილერის სტატუსი ჩამოერთვა.

თავად "სიტრეონის" ვებგვერდის მიხედვით, დღეს მათ კომპანიას საქართველოში შპს "მეკრე" წარმოადგენს, რომელიც შოურუმებს თბილისსა და ბათუმში ფლობს.

კომპანიის დამფუძნებლის გიორგი შარაშიძის თქმით, მან კომპანიის წინაშე მდგარი პრობლემების თაობაზე პარლამენტში შემავალ ფრაქციებს მიმართა, საიდანაც კომპანიის საკითხით ფრაქცია "პატრიოტები" დაინტერესდა. 2019 წლის 22 აპრილს კი ფრაქციის ფორმატში სპეციალური მოსმენაც გაიმართა.

"სიტროენ ჯორჯიას" საკითხთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტომ 2017 წლის დეკემბერში საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს სააგენტო სადავო ტენდერებთან დაკავშირებული გარემოებებით განმარტავდა:

"საკითხზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს და საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევა), შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

"შპს "გარდაბნის თბოსადგური" არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება მე-10 მუხლი, რომლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე კომპანიის მიმართ მოკვლევა ვერ დაიწყება.

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჩივარში აღნიშნული 3 ტენდერი 2016 წლის ნოემბერში უკვე იყო გასაჩივრებული კონკურენციის სააგენტოში, სააგენტომ არ დაიწყო მოკვლევა და ეს გადაწყვეტილება კომპანიას არ გაუსაჩივრებია. არ არსებობს არცერთი ახლადაღმოჩენილი გარემოება და ასეთ შემთხვევაში, იმავე დავის საგანზე მოკვლევის დაწყებას კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება ამავე უწყების მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერს (რომელიც არ იყო მოცული სააგენტოს ხსენებული გადაწყვეტილებით), შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სატენდერო მოთხოვნებიდან ამოიღო „ქრაშ ტესტი“, მათ შორის, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ მოთხოვნისა და 4 ჩაშლილი ტენდერის შემდგომ, რაც, სააგენტოს პოზიციით, კონკურენციას კი არ ამცირებს, არამედ პირიქით - აფართოებს. შემსყიდველმა პირობები შეამსუბუქა, რაც კონკურენციის შეზღუდვად ვერ ჩაითვლება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, საჩივარში საუბარია 1 ტენდერზე, რომელშიც მოხდა „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია, რამდენიმე სატენდერო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობიდან გამომდინარე, რასაც მომჩივანი „სიტროენ ჯორჯია“ ასევე კონკურენციის შეზღუდვად აფასებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა მოპასუხეების შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შესაძლო შეთანხმებულ მოქმედებაზე მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის წარმოდგენას", - აღნიშნავდა კონკურენციის სააგენტო.

თავად კონკურენციის სააგენტოში BM.GE-ს განუცხადეს, რომ მათ "სიტროენ ჯორჯიასთან" ორი მიმდინარე დავა აქვთ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტომ პირველი დავა მოიგო, რაც შემდგომში კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე დავას კი თბილისის საქალაქო სასამართლო ამ დრომდე განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა