მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ვაშაძე საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის გაგრძელებას ითხოვს - კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს

60d1d272a9ca0
ინგა მურუსიძე
22.06.21 20:45
841
1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა დასრულდა. შესაბამისად, მაისის ხელფასი იყო ბოლო, როდესაც ბიზნესებმა შემცირებული გადასახადები გადაიხადეს. ამ დახმარების ფარგლებში ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული იყო. 750-დან 1500 ლარამდე თანხა კი - ნახევრად გათავისუფლებული. პროგრამის შედეგად, ბიზნესმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლის თანახმად, შეღავათები შესაძლოა კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს.

„კოვიდ-პანდემიის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვით, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი გათავისუფლებული იქნა საშემოსავლო გადასახადისგან (კერძოდ, თვეში 750 ლარამდე შემოსავლის ნაწილში). წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დამატებით 6 კალენდარული თვით გრძელდება ზემოაღნიშნული შეღავათის, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრული ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვით დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს და მიზეზად ასახელებს იმას, რომ შეღავათი სწორედ 1 ივნისს დასრულდა.

გარდა ამისა, განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს.

„კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი 42 ათასზე მეტ საწარმოში (კომპანიაში) დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს შეეხებ. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში  დაახლოებით 225 მილიონ ლარს შეადგენს“, - წერია განმარტებით ბარათში.

აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ბიზნესიც ითხოვს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება.