მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხანიშვილი: თუ ატმის ფასი მანამდე 20-22 თეთრი იყო, დღეს 1 - 1.5 ლარია

5f42550f1ea75
თელარა გელანტია
23.08.20 15:37
1538
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 45-ზე მეტი სამაცივარე მეურნეობა და გადამმუშავებელი საწარმო შეიქმნა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, სამაცივრე მეურნეობების პროექტი საქართველოში მოქმედმა მთავრობამ დაიწყო და მანამდე არცერთ ხელისუფლებას, არც გონიერება ეყო და არც ხედვა, რომ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დაფინანსება დაეწყო.

„მაცივრებზე, პროექტზე - „დანერგე მომავალი“, ბაღების გაშენებაზე და სხვა კომპონენტებზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. დღემდე, აშენებულია 45-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა და გადამამუშავებელი საწარმო, რაშიც ჩადებულია 130 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც სახელმწიფომ, გრანტის სახით, 20 მილიონ ლარზე მეტი მისცა ფერმერებს და 19 მილიონ ლარამდე კი კრედიტში სუბსიდირებას მოხმარდა. ამ მაცივრების დამსახურებაა სწორედ ის, რომ საქართველოში ტრადიციად იქცა წარმატებული საექსპორტო პროდუქტის სქემა. მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 23 000 ტონაზე მეტი ატამი. თუ ატმის ფასი მანამდე 20-22 თეთრს შეადგენდა, დღეს ლარად და ლარნახევრად გაყიდა კახელმა გლეხმა. მარტო ატმიდან 2 თვეში 110-120 მილიონი ლარი იყო შემოსავალი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი თქმით, მაცივრების აწყობას და ახალი ბაღების გაშენებას სოფლის მეურნეობაში მეტი დრო სჭირდება, ამიტომაც 2012-2013 წლებში დაწყებულმა პროექტებმა შედეგი ახლა გამოიღო.

„2018 წელს 11-12 მაცივარი იყო, ახლა 23-ია. ჩვენ შევძელით, ამ მაცივრების დახმარებით, ექსპორტზე გაგვეტანა ატამი. გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია. მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ, ახლა კი, თავიანთი დამოკიდებულებით, კვლავ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. თუნდაც ერთი მაცივარი გვაჩვენონ, რომელიც დააფინანსეს. ისიც კი, რაც სახელმწიფოს სახელით გააკეთეს, არ ყოფილა ფერმერისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობდნენ,“ - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის დარგში დაწყებული პროექტები გააჩერა და სოფლის მეურნეობას განვითარების პერსპექტივა მოუსპო. მისივე თქმით, ქართული პროდუქციის შესანახად ყველა რეგიონში მაცივრების აშენების გეგმა სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო.