მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოცვის ექსპორტიორების გამოწვევები წლების განმავლობაში არ იცვლება“ - ,,აგრითაჩი"

62c6fb515fcd6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.22 20:25
1029
მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან მოცვის ექსპორტი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 175%-ით გაიზარდა. ჯამში ქვეყნიდან 5 თვეში 169 ათასი დოლარის ღირებულების 15 ტონა მოცვი გავიდა. დღეისთვის მოცვის კრეფა აქტიურ ფაზაშია გადასული და ექსპორტიც სხვადასხვა ბაზარზე ხორციელდება.

მოცვის პლანტაციების მმართველი და ექსპორტიორი კომპანია „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი დავით მაყაშვილი გადაცემა „საქმის კურსში“ აცხადებს, რომ საქართველოში მოცვის მოსავლის მოცულობები წლიდან წლამდე მზარდია, ხოლო გამოწვევები, რომელიც ექსპორტიორებს აქვთ, უცვლელი რჩება.

"რამდენიმე წელია მოცვის ექსპორტის კუთხით არსებული გამოწვევები არ იცვლება“ - ამბობს ის.

გაუმართავი ლოგისტიკური ცივი ჯაჭვი, საექსპორტო მოცულობების გატარების პრობლემა სახმელეთო და საჰაერო ექსპორტის დროს, გადაზიდვებში არსებული სირთულეები, საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტის დიდი მოცულობიდან გამომდინარე შემცირებული ფასი და ქართული მოცვის ცნობადობა - ეს ის გამოწვევებია, რომელზეც „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი საუბრობს.

„მოცვის მოსავლიანობა ყოველწლიურად მზარდია, შესაბამისად საჭიროა მეტი წარმადობის მაცივრები, მეტი რეისი და მყიდველი. გასულ წელს თუ სექტორის მოსავლიანობა 1 000 ტონამდე იყო, წელს 1 500 ტონამდე მოსავალს ველოდებით. ეს რიცხვი მომავალ 4-5 წლის განმავლობაში 4-5 ათას ტონამდეც გაიზრდება.

ჩვენს კომპანიას შესაძლოა ნაკლები პრობლემები შეექმნას, რადგან ორი მაცივარი გვაქვს, თუმცა მცირე ფერმერები ზარალდებიან, რადგან მათ მოცვი თავად ექსპორტზე ვერ გააქვთ, უნდა ჩააბარონ მაცივრებს, რომლებიც დღეისთვის უკვე სავსეა. ამ სექტორის ნაწილში პრობლემა კიდევ ის არის, რომ ბაზრები დივერსიფიცირებული არ გვაქვს და იმდენი მყიდველიც არ გვყავს, რომ ყველას მოცვი ექსპორტზე გავიდეს, ამ კუთხითაც გარკვეული მარკეტინგული ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან ქართული პროდუქციის ცნობადობა მაღალი არ არის.

იგივე შეფუთვის კუთხით, საქართველოში შესაფუთი მასალის მოძიებაც რთულია, გადაზიდვების კუთხითაც იქ, სადაც საჰაერო გადაზიდვაა საჭირო პრობლემები გვაქვს. ეს არ ეხება რუსეთს, რომელზეც სამწუხაროდ მიბმულები ვართ და 95% სწორედ იქ გადის ექსპორტზე“, - ამბობს დავით მაყაშვილი.

დღეს არსებული დაბალი ფასის პირობებში „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია.

„თუ ივნისის დასაწყისში 1 კგ მოცვის ფასი 8-9 დოლარი იყო, დღეს ფასი 4-5 დოლარია და ამაზეც კი აღარ მოდიან მყიდველები. შესაბამისად უნდა ვეცადოთ ახალი ბაზრები ავითვისოთ, რაც მარტივი არ არის. ევროკავშირის კუთხით გვჭირდება სტანდარტები -გლობალ გეპი, გრაპი თუ სენდექსი, რომელიც ყველა მაცივარს, რომელიც მოეწყობა, დანერგილი უნდა ჰქონდეს.

საქმე ის არის, რომ ჩვენ ინფორმაციულ დონეზეც გამოწვევები გვაქვს, არავინაა ისეთი ექსპერტი ვინც გვეტყვის მიწოდების პროცესში - რა, როგორ უნდა გავაკეთოთ, მით უფრო გაუჭირდებათ ფერმერებს, რომლებსაც შესაძლოა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებაც არ იცოდნენ“, - ამბობს დავით მაყაშვილი.

მოცვის ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი თვლის, რომ ამ პროცესებში მცირე და მსხვილი ბაზრის მოთამაშეების გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის ძალები გააერთიანონ და გამოწვევების გადაჭრა ერთობლივად სცადონ.