მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glovo-ს დამფუძნებლის რჩევა სტარტაპებს: წარმატებას მარტო ვერ მიაღწევთ...

5dd136456e3eb
მარიამ ადამია
17.11.19 19:45
4741
Bm.ge-მ Startup Grind-ის ფარგლებში Glovo-ს თანადამფუძნებელ საშა მიქაუდთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს მის გამოცდილებაზე, როგორ შეიქმნა „გლოვო“ და რაც მთავარია საშა მიქაუდი დამწყებ ბიზნესმენებს რჩევებს აძლევს:

- ბატონო საშა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ჩვენი ქვეყნის შესახებ, როგორ მოგწონთ და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა?

- პირველი მიზეზი, თუ რატომაც დავიწყე ბიზნესი ამ ქვეყანაში არის ის, რომ მიყვარს აქაურობა, ხოლო მეორე მიზეზი უკავშირდება ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და სიახლეების მიმღებლობას, რომლებიც აქ ძალიან უყვართ. გლოვო ბარსელონაში დაარსებული სტარტაპია და მას ყოველთვის ვუყურებდი, როგორც გლობალურ ბრენდს. მთავარი მიზანი იყო და დღემდე არის, მისი ზრდა და განვითარება რაც შეიძლება მეტ ბაზარზე, ამიტომაც შემოვედით საქართველოში, დავინახეთ მოთხოვნა და ვიმოქმედეთ, ისევე როგორც მოვიქეცით ლათინურ ამერიკაში.
თავდაპირველად ფოკუსს ვასწორებდით სამხრეთ ევროპის მიმართულებით, თუმცა დავინახეთ, რომ საინტერესო შესაძლებლობები გვაქვს ლათინურ ამერიკაშიც და დავიწყეთ ადგილობრივი ბიზნეს-პარტნიორების მოძიება და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველას შევუქმნათ ის ტექნოლოგიური კომფორტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქზე დისტანციურად წვდომის საშუალებას მისცემს და უამრავ პარტნიორ კურიერს შემოსავლის წყაროსა და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

- რა ტიპის გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს ამ საქმის კეთებისას და როდის გაჩნდა გლოვოს შექმნის იდეა?

- 15 წელზე მეტია ინტერნეტ კომპანიების განვითარებაზე ვმუშაობ, რამდენიმე ციფრული ბიზნეს კომპანიის დამფუძნებელიც ვარ, მათ შორის Latinred, რომელიც შემდგომ StarMedia-მ იყიდა. ყოველთვის ვმუშაობდი სიახლეების შექმნაზე და ასეთ მუშაობაში შეიქმნა 2015 წელს გლოვოც. მქონდა იდეა და ბევრი ვიმუშავეთ მე და თანადამფუძნებელმა ოსკარ პიერმა მის განხორციელებაზე. მომწონს ტრადიციულ ინდუსტრიებში რევოლუციის მოხდენა, სწორედ ეს იყო გლოვოს დაარსების მოტივაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, მომხმარებლებამდე მივიტანოთ სწრაფად და ხარისხიანად არა მხოლოდ საკვები, არამედ, აფთიაქიდან - წამლები, მაღაზიიდან - ბოსტნეული და ზოგადად, ყველაფერი რაც დაგჭირდებათ. გლოვო მოგიტანთ ასევე რამდენიმე წუთში თუნდაც სახლის გასაღებს, რომელიც შესაძლოა სამსახურში დაგრჩეთ და ამ ყველაფრის ღირებულება არის ძალიან იაფი.

- რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ დღეს ანტრეპრენერებს, სტარტაპებს დღევანდელი გადმოსახედიდან? რა უნდა გაითვალისწინონ?

- მთავარია არ შეეშინდეთ სიახლეების, გარისკვის, მოქმედების. უნდა გჯეროდეთ თქვენი იდეის, დაიცვათ ის და რაც მთავარია, გარშემო სწორი ადამიანები უნდა გყავდეთ, ვისაც ისევე სჯერა ამ იდეის განხორციელების, როგორც თქვენ. რეალურად, მარტო წარმატებას ვერ მიაღწევთ. საჭიროა კარგი თანადამფუძნებელი, კვალიფიციური გუნდი, რომლებიც თავდაუზოგავად იშრომებენ ამ იდეის განვითარებაზე და ბიზნესად გადაქცევაზე. დახმარების გარეშე წარმატების რეალურ ისტორიას ვერ შექმნი, რადგან სტარტაპერობა ხანგრძლივი და რთული პროცესის გავლას გულისხმობს, სანამ იდეას რეალურ ბიზნესამდე მიიყვან. ასეთია ჩემი წარმატების ფორმულა, რომელმაც დღეს აქამდე მოგვიყვანა და სადაც გუნდი მთავარ აქცენტს ორ მიმართულებაზე ვაკეთებთ: პირველი - ეს არის კომპანიის მოგების გაზრდა და მეორე - დივერსიფიკაცია ბაზრებზე.

- რა არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, რასაც გლოვოს საშუალებით უკვეთავენ მომხმარებლები, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში?

- გლოვოს მთავარი უპირატესობა არის ის, რომ არაუმეტეს 25 წუთისა, ჩვენ მიგვაქვს ყველგან, ყველაფერი. ანუ იმ დროს, როდესაც კომპანიების უმეტესობა მიტანის სერვისის მიმართულებით, აქცენტს უმეტესად საკვებზე აკეთებს, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ყველაფერზე, იქნება ეს ყვავილების თაიგული, სუში, მობილურის დამტენი თუ საკვები, სწრაფად, მარტივად და იაფად მიგვაქვს ყველგან, ყველაფერი. ეს არის განსხვავება, რაც კონკურენტუნარიანს გვხდის ბაზარზე, რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ მიმართულებას, პროცენტულად ყველაზე მეტი შეკვეთა სარესტორნო საკვებზე შემოდის აპლიკაციაში. ადამიანები დღეში სამჯერ სწორედ ამ მიზნით იყენებენ ჩვენს აპლიკაციას. რიგით შემდეგი მოთხოვნა რეიტინგში ბოსტნეული და მედიკამენტებია.