16.მაისი .2021 19:57

Glovo-ს კურიერები კომპანიის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს აპროტესტებენ

Glovo-ს კურიერები კომპანიის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს აპროტესტებენ
views 553
უკან

მიტანის სერვისის გლობალურმა კომპანია Glovo-მ დღეს ქართულ ბაზარზე მისი კურიერების ანაზღაურების ახალი სისტემა წარადგინა. ახალი ტარიფებისა და წესების გამოქვეყნებას კომპანიის კურიერთა პროტესტი და აპლიკაციის მუშაობის შეფერხება მოყვა. კომპანიის კურიერებმა თბილისში სპორტის სასახლის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გამართეს, მათი განცხადებით ახალი ტარიფები აქამდე მოქმედ ანაზღაურების სისტემასთან შედარებით მათ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. 

"გაგვიუქმეს ობიექტამდე მისვლის მანძილების ანაზღაურება, ყველანაირი დანამატი და ბონუსი რაც იყო მოგვისპეს და გვითხრეს, რომ იყავით მონებიო. მთლიანობაში განახევრდა ანაზღაურება და უფრო მეტიც მოაკლდა."

"თითოეულ კურიერს, რომელიც რეგულარულად მუშაობდა აკლდება თვეში 1500-დან 1600 ლარამდე ანაზღაურება,"- აცხადებენ აქციაზე მისული კურიერები. 

Glovo-ს მიერ ანაზღაურების ახალი წესის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია:

"ცვლილებებია საბონუსე სისტემაში - ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიერიდან, მოიხსნება ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება. ეს პოზიტიური ცვლილება გულისხმობს, რომ კვირის განმავლობაში, გლოვერებს ნებისმერ დროს შეეძლებათ ბონუსის გამომუშავება და არ ექნებათ შეკვეთების კონკრეტული ლიმიტები ამ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად.

ასევე, ცვლილებები შეეხო ასანაზღაურებელ მანძილსაც - არსებული სისტემის ფარგლებში, ანაზღაურდებოდა შეკვეთის მიღებიდან, მომხმარებლამდე მიტანის მანძილი. ახალი სისტემის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი, თუმცა, სიახლის შესაბამისად, იზრდება საბაზისო ანაზღაურება: 2 ლარის ნაცვლად, საბაზისო თანხა შეიცვლება 2.3 ლარით და ყოველი განვლილი კილომეტრისთვის, პარტნიორი კურიერები 0.4 ლარის ნაცვლად, 0.5 ლარს გამოიმუშავებენ.

შეიცვალა ყოველდღიურად დაშვებული მაქსიმალური საათების რაოდენობაც - აქამდე, პარტნიორ კურიერებს შეეძლოთ აპლიკაციის საშუალებით, ყოველდღიურად მაქსიმუმ 12 საათის არჩევა. თუმცა ამიერიდან, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, მაქსიმალური სამუშაო დროს რაოდენობა 10 საათამდე შემცირდება,"- ნათქვამია განცხადებაში.

Glovo 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიის კურიერთა ქსელი მსოფლიოში 25 ათასს აღემატება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა