მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glovo-ს პარტნიორი კურიერების 30% მუშაობას ვერ აგრძელებს - კომპანიის განმარტება

5ea015adc1c86
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.20 13:40
4132
ახალი სამთავრობო რეგულაციების თანახმად, დღეიდან, 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გადაადგილების შეზღუდვა ვრცელდება ჩვენს პარტნიორ მანქანიან კურიერებზეც, - ამის შესახებ განცხადება მიტანის სერვისის განმახორციელებელი კომპანია Glovo-ს ფეისბუქ გვერდზე დღეს დაიდო.

შეზღუდვის მიზეზებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად BM.GE კომპანიას დაუკავშირდა. 

"როდესაც წინა კვირას დაწესდა ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა, ჩვენმა პარტნიორმა კურიერებმა, მეორე დღესვე აიღეს გადაადგილებისთვის საჭირო საშვები, თუმცა როდესაც გუშინ შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა, ჩვენს მიერ აღებული საშვები აღარ მოქმედებს ჩვენი მანქანიანი კურიერებისთვის.

ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან, სადაც განგვიმარტეს, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და ის საკვების მიწოდების სერვისსაც ნაწილობრივ შეეხო და ჩვენზე შეღავათები, მანქანების გადაადგილების კუთხით, არ მოქმდებს", - აცხადებენ კომპანიაში. 

კითხვაზე, რა განსხვავებაა მოპედებით და ავტომობილებით საკვების ტრანსპორტირებას შორის, კომპანიაში ვერ გვპასუხობენ და ამბობენ, რომ უწყებაში სხვა სახის განმარტებები არ მიუციათ, გარდა იმისა, რომ 27 აპრილამდე გახანგრძლივებული ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა ონლაინმომსახურების კომპანიებსაც ეხებათ.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვის გამო Glovo სრულად შეეზღუდა ოპერირება ქუთაისში.

"ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ რეალობას და შეკვეთები ადრე თუ გვიან მივუტანოთ ჩვენს მომხმარებელს. პარტნიორი კურიერების ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი კურიერების 30% მანქანით მუშაობს.

კონკრეტული სიახლეები და დაპირებები ეკონომიკის სამინისტროსგან ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. ამიტომ ვცდილობთ სწრაფად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება და ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყვავს, სამწუხაროდ შეკვეთებს ვერ ვახორციელებთ. ყველა პარტნიორ კურიერთან გვაქვს მჭირდო კომუნიკაცია იმისთვის, რომ იქნებ მოახერხონ ველოსიპედებით ამ მოპედებით სერვისის მიწოდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მანქანის გარდა, მათ სხვა სატრანპორტო საშუელებები არ აქვთ", - განუცხადეს BM.GE-ს Glovo-ში. 

Glovo მიტანის სერვისს საქართველოს 4 ქალაქში ახორციელებს - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი.
BM.GE კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ახალი სამთავრობო რეგულაციების თანახმად, დღეიდან, 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გადაადგილების შეზღუდვა ვრცელდება ჩვენს პარტნიორ მანქანიან კურიერებზეც. რაც ნიშნავს, რომ

- პარტნიორი კურიერების დაახლოებით 30% სამწუხაროდ ვერ აგრძელებს მუშაობას;

- შესაძლოა მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს;

- ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ;

- თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის.

ჩვენ და ჩვენი სუპერგმირი პარტნიორი კურიერები მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას და თქვენს გვერდით ვდგავართ.

მადლობას გიხდით მოთმინებისთვის".