მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM აკადემია, რომელიც თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს (R)

618a5d4825133
BM.GE
09.11.21 15:50
2464

GM აკადემია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სასწავლებელია, რომელიც ერთი წლის წინ კომპანიაში დასაქმებულთა პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აკადემიის მიზანია, გადაამზადოს და კვალიფიკაცია აუმაღლოს კომპანიის საწარმოს თანამშრომლებს და შექმნას ბაზარზე კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსი. აქ საწარმოო მიმართულებით სწავლება მიმდინარეობს, თუმცა აკადემიის ამოცანა ადმინისტრაციული და შუა რგოლის მენეჯერების პროფესიული და ტექნოლოგიური უნარების გაუმჯობესებაცაა.

„ჩვენი ამოცანაა, თანამშრომლებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ორიენტირებულია როგორც პროფესიული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, ასევე პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. სამთო მოპოვების საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ვლინდება ვიწრო და დარგობრივი სპეციალისტების სიმწირე, რაც ჩვენთვის ძალიან პრობლემურია. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ "GM აკადემია" აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი დიდი კომპანიისთვის, როგორიც „ჯორჯიან მანგანეზია“ და მისი არსებობა მნიშვნელოვანია ასევე რეგიონისა და მისი განვითარებისთვის“, – გვეუბნება „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ ქუთათელაძე.

"GM აკადემია" უზრუნველყოფს პრაქტიკაზე დაყრდნობით სწავლებასა და უწყვეტ განათლებას თანამშრომლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე და საშიშ პირობებში ახორციელებენ საკუთარ მოვალეობას. აკადემიის მიზანია, გამოზარდოს ისეთი პროფესიული და დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტები, რომლებიც საწარმოო საქმიანობის მოთხოვნებს უპასუხებენ. პროფესიული გადამზადების საფუძველზე, შუა რგოლის მენეჯერები და სხვა სპეციალისტები შეძლებენ სამთო საწარმოში ძირითადი სამუშაოების შესრულებას და მათზე კონტროლის განხორციელებას, მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეუსაბამობების დროულ აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრას, რაც დასაქმებულებს საწარმოო ტრავმებს აარიდებს.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ კადრების პროფესიული განვითარების სტრატეგიაც შეიმუშავა იმისათვის, რომ თანამშრომლებმა უფრო ეფექტურად აიმაღლონ პროფესიული უნარები და მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება. პროექტის მთავარი სტრატეგია – კომპანიის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების გეგმა 2021 წლის დასაწყისში ზედმიწევნით გაიწერა და შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანი გარემოდან გამომდინარე, პერიოდულად იხვეწება. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კოორდინირებით, შეიქმნა სამთო-მოპოვებითი საქმიანობის 6 ძირითადი საწარმოო დარგის პროფესიული მოკლევადიანი (3-4-თვიანი) კურსები, რომლებიც გულისხმობს შემდეგ პროფესიებში გადამზადებას: გვირაბგამყვანი, ამფეთქებელი, ელმავლის მემანქანე, ქვესადგურის მორიგე, ვენტილატორის მემანქანე, სკრეპერის მემანქანე.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროფესიაში თანამშრომელთა გადამზადებას "GM აკადემია" მაღალი სტანდარტების მიხედვით ახორციელებს, რისთვისაც შეიმუშავა ექვსივე პროფესიის დარგობრივი პროგრამების სილაბუსები.

„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იმ თანამშრომლების განვითარება, რომლებიც დასაქმებულები არიან რთულ და საფრთხის შემცველ პირობებში. ჩვენ მათ ვასწავლით პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით და შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ. როდესაც GM აკადემიას ვაარსებდით, ერთ-ერთ მთავარ მიზნად განისაზღვრა სამთო მოპოვებით სფეროში დაგვეარსებინა ისეთი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც საშუალებას მისცემდა როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დაუფლებოდნენ მათთვის საინტერესო პროფესიებს და შეესწავლათ თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიური სიახლეები. ვინაიდან ეს არის ინოვაციური პროექტი სამთო მოპოვების სფეროში, GM აკადემია ყოველდღიურად ცდილობს, მეტი საინტერესო პრაქტიკა და სიახლეები შესთავაზოს აკადემიის სტუდენტებს. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი განვითარების რეჟიმში“, – ამბობს მარიამ ქუთათელაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული "GM აკადემიის" შექმნის პროცესში და დღეს უკვე წარმატებული პროექტით ამაყობს.

ჭიათურაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, პროფესიული სასწავლებელი „პროფიუნიტი“ ფუნქციონირებს. პროფესიულ სასწავლებელსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საწარმოში დასაქმებულთა გადამზადების კუთხით.

„პროფიუნიტში“ 11-თვიან კურსზე მაღაროელები ეუფლებიან სამთო ტექნიკოსის, სამთო ელექტრომექანიკოსის, მყარი წიაღისეულის გამამდიდრებლის სპეციალობებს. სასწავლო პროცესში ჩართული არიან კომპანიის სამთო გამამდიდრებელი დარგის სპეციალისტები, სამთო ტექნიკოსები და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტები. აკადემიის პედაგოგიური პერსონალი კომპანიის ის თანამშრომლები გახლავთ, რომლებსაც რამდენიმე ათეულწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და ახლა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კვალიფიციური ახალი თაობის გამოზრდას ახმარენ. "GM აკადემიისა" და „პროფიუნიტის“ საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა აკრედიტაციის მოპოვება სამ მიმართულებაზე: გვირაბგამყვანი, ამფეთქებელი და ელმავლის მემანქანე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიის თანამშრომლები გაივლიან არა მარტო სწავლების კურსს, არამედ იქნებიან სერტიფიცირებული პროფესიონალებიც.

მხოლოდ „პროფიუნიტი“ არ არის ის ადგილობრივი სასწავლებელი, რომელთანაც "GM აკადემია" თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების კუთხით თანამშრომლობს. კიდევ ერთი პროფესიული სასწავლებელი ზესტაფონში მდებარეობს და ეს „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯია“, რომელიც ორიენტირებულია დარგობრივი მიმართულებების სწავლებაზე. ეს მიმართულებებია: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი, რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობა, ლოკომოტივის მართვა, სავაგონე მეურნეობა, მეჩარხე, სარკინიგზო ტექნიკური ნახაზების მხაზველი, სამრეწველო სარკინიგზო ტრანსპორტის ლოკომოტივის მემანქანე. 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და სახელმწიფო დაფინანსებით სრულიად უფასოდ გადავამზადებთ ჩვენს ამფეთქებლებს. ეს საკმაოდ საშიშია პროფესიაა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ახლებური ცოდნით მომზადება, იმისთვის რომ ამ პროფესიაში იმუშაონ. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და გვეყოლება სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი ინსტრუქტორი. უშუალოდ სამუშაო ადგილზე მოხდება ჩვენი ამფეთქებლების კვალიფიციური ინსტრუქტაჟი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენი თანამშრომლები ჩართული არიან მასში“, – სასწავლო პროცესის შესახებ გეგმებს გვაცნობს მარიამ ქუთათელაძე.

იმისათვის, რომ ასეთ რთულ პროფესიებში ახალი კადრები მოეზიდა და დაეინტერესებინა, GM აკადემიამ სრულიად შეცვალა სასწავლო მეთოდიკა, სასწავლო მოდულები, კალენდარული გეგმის წყობა, შეიმუშავა პროფესიული კურიკულუმი. სასწავლო პროცესის ცვლილებებმა სწავლება უფრო მოქნილი და თანამედროვე გახადა. მოკლევადიანმა კურსებმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია და წელს პირველად მსურველთა რაოდენობამ გადააჭარბა ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობას. "GM აკადემიაში" ფიქრობენ, რომ ეს შედეგი სწორედ სასწავლო მეთოდიკის რეფორმის გამო მიიღეს. როგორც ჩანს, მსურველებს მოკლევადიანი კურსები ზუსტად იმის საშუალებას აძლევს, პროფესიული განათლება მოკლე დროში მიიღონ.
მარიამ ქუთათელაძეს ვკითხეთ, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოთხოვნა და დაინტერესება ამ პროფესიების მიმართ, რათა ისინი უფრო პრესტიჟული გახდეს. მან გვიპასუხა, რომ "GM აკადემია" ინტენსიურად ცდილობს თანამშრომლობას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროფესიულ სასწავლებლებთან, უნივერსიტეტებთან. აკადემიის სამომავლო გეგმაა, ჩამოიყვანოს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც კომპანიის თანამშრომლებს ადგილზე ჩაუტარებენ პრაქტიკულ სწავლებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "GM აკადემია" მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს არ სთავაზობს პროფესიულ გადამზადებას. რეგიონის მცხოვრებლებსაც ექნებათ საშუალება, ისწავლონ და განვითარდნენ სასურველი პროფესიის კუთხით, სწავლებას კი კომპანია 100%-ით დააფინანსებს. 

"GM აკადემიას" წლის ბოლომდე განსახორციელებელი პროექტების მთელი ნუსხა აქვს. აკადემიაში გეგმავენ ელექტრიკოსების გადამზადებას, სერტიფიცირებას და შესაბამისი თანრიგების მინიჭებას; აირმჭრელებისა და აირშემდუღებლების სერტიფიცირებას; შიდა ორგანიზაციულ ტრენინგებს ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის; სასწავლო ოთახების ბიბლიოთეკებით აღჭურვას და ა.შ.

პროფესიული უნარების დახვეწა და გაუმჯობესება, საწარმოში დასაქმებულთა შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა, საწარმოო სისტემაში ორიენტაციისა და თავის დამკვიდრებისთვის თანამშრომელთა სათანადო ცოდნით აღჭურვა და პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარება "GM აკადემიის" თავდაპირველი მიზნები იყო. საქმიანობიდან გამომდინარე, კარგად ჩანს, რომ "GM აკადემია" დასახული მიზნებით სვლას აგრძელებს და თავდაპირველ ჩანაფიქრს არ ღალატობს.